აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთანლაშა კომახიძესთან ერთად,25-26 მარტს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე და ლაშა კომახიძე ჰუბეის პროვინციის ქალაქ სიანიანის მუნიციპალური მთავრობის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას სიანიანის მუნიციპალური მთავრობის მერი, მუნიციპალური პარტიის კომიტეტის მდივანი, მერის მოადგილე, მთავრობის მდივანი, სიანიანის საგარეო და საზღვარგარეთის საქმეთა ბიუროს დირექტორი, საავტომობილო ინდუსტრიის ოფისის დირექტორი და თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვიზიტი ქ. სიანიანში, რომელიც ემსახურება ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას/განვითარებას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. გამოითქვა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების სურვილი.
ქ. ბათუმსა და ქ. სიანიანს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ განზრახვის განაცხადს 2017 წლის 27 ნოემბერს მოეწერა ხელი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანში ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ბათუმში ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოხატავს ხელი შეუწყოს ქართულ-ჩინური პროექტის წარმატებულ საქმიანობას აჭარის რეგიონში. „ვფიქრობთ, ეს იქნება უცხოური ინვესტირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური პროფილის დივერსიფიცირებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, მსგავსი ინვესტიციის განხორციელება კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს დასაქმების, ეკონომიკის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში”- აცხადებს ზურაბ პატარაძე.
უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად აფასებს ქალაქ ბათუმისათვის ელექტროავტომობილების ქარხნის ამოქმედებას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი თქმით, ახალი ელექტრო ავტომობილების ქარხნის გახსნა საშუალებას მისცემს ურბანული ტრანსპორტის სისტემას გადავიდეს ალტერნატიული ენერგიის წყაროზე და გახდეს ეკოლოგიურად სუფთა. „ბათუმის მერიას დაწყებული აქვს სხვადასხვა პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით, ხოლო ბათუმში ავტოსაწარმოს ამოქმედება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებასა და ავტოპარკის განახლების პროცესს“- აღნიშნავს ლაშა კომახიძე.
საავტომობილო კომპანიამ “სიანინგ ჯიუშოუმ” ავტობუსების წარმოება 1992 წელს დაიწყო. მის სახელს მინივენების და ელექტრო ავტომობილების გამოშვება უკავშირდება.