ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, მეც მაწუხებს იპოთეკართა ბედი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქობულეთის ყველა ოჯახი გადატვირთული იყო როგორც ქართველი, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლებით, მაგრამ ერთ დღეში დაიცალა ქობულეთში. ამის გამო მოსახლეობამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი და ვერ გადაუხადა ბანკებს სესხი თუ მასზე დარიცხული პროცენტი, ხელისუფლებამ კი ყურად არ იღო მოსახლეობის გასაჭირი.
მოგეხსენებათ, გაერთიანებული ერების ასამბლეის დადგენილების მიხედვით, ხელისუფლების უგუნური ქმედების გამო მოსახლეობა თუ დაზარალდა, მან კეთილი უნდა ინებოს და აუნაზღაუროს იგი. მინდა შევახსენო ახალ ხელისუფლებას, რომ მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი, საბანკო სისტემის, ფულის მიმოქცევის დარგის დიდი სპეციალისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ თუ ერთი ხელისუფლების უუნარობით მოსახლეობამ მიიღო ზარალი, ახალმა ხელისუფლებამ (არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლების დროს მიიღო მოსახლეობამ ზარალი), ეს ზარალი აუცილებლად უნდა აანაზღაუროს. ნოდარ ჯავახიშვილის პრინციპულ პიროვნებად ვიცნობ, `ქართულ ოცნებას~ სწორედ წინა ხელისუფლებისგან, ბანკებისა და მევახშეებისგან გაწამებულმა ხალხმა მისცა ხმა! რატომ არ მიიყვანა ბოლომდე თავისი ნათქვამი და რა პასუხს გასცემს მათ?!
ახალი ხელისუფლება მოვიდა. პარლამენტში შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია. მისი დასკვნა ჩემთვის უცნობია. არ მინდა ომის დაწყებაში ბრალი დავდო წინა ხელისუფლებას, მაგრამ ეს ხომ აღიარა საერთაშორისო კომისიამ, რომელსაც ტალიავინი ხელმძღვანელობდა. რა ვუყოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლებს ართმევენ, ასახლებენ. კომისიის დასკვნაში ხომ გასაგებად წერია, რომ ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს ხელისუფლებას მიუძღვის. გამოდის, რომ ახალმა ხელისუფლებამაც მოატყუა საკუთარი მოსახლეობა.
ბანკის მუშაკი (ყოფილი) გახლავართ, გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ფურცლებზე ვწერდი, რომ უნდა შექმნილიყო კომპეტენტური კომისია, რომელიც შეისწავლიდა და დადებდა ობიექტურ დასკვნას, თუ რომელმა მსესხებელმა რა რაოდენობის ზარალი მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ბანკებთან და მევახშეებთან ვალის დაფარვის გრაფიკის დარღვევა. ქობულეთელებს ხომ საკურორტო სეზონის იმედით ჰქონდათ ბანკიდან გამოტანილი სესხი, რასაკვირველია, ომის პირობებში (ფორსმაჟორი) კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ! შეძლებდნენ კი ფეხზე დადგომას თუ ხელისუფლება, ბანკების არასწორი პოლიტიკის გამო, არ გამოიჩენდა კეთილ ნებას და არ დაეხმარებოდა მათ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვერა!
მინდა შევეკითხო ხელისუფლებას, რატომ არ ინტერესებდა მევახშეების ფულის წარმომავლობით, რომელთაც ასობით სახლი და ბინა აქვთ შესყიდული, ბიუჯეტში კი არაფერი შეაქვთ.
ბანკები და მევახშეები სისხლისმსმელ წურბელებად მოევლინნენ საკუთარ თანამემამულეებს. მეეჭვება, უზარმაზარი ფინანსები კეთილსინდისიერი შრომით ჰქონოდათ მოპოვებული, ცუდი არ იქნება, გამოიჩინონ კეთილი ნება და დაზარალებულებს ვალების გადახდის პირობები შეუქმნან.
მიხარია და მეამაყება, როდესაც ტელევიზიით ვისმენ, რომ კახეთში ვენახების დასეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისია იქმნება და გლეხები ფულად დახმარებებს იღებენ. ყურძენი რომ სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია, ამას მტკიცება არ უნდა, მაგრამ რა ვუყოთ საკურორტო ზონებში მცხოვრებთ, რომლებსაც ბანკიდან აქვთ აღებული სესხები დამსვენებლებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. ქობულეთში საკურორტო სეზონი 70 დღეს არ აღემატება, მათგან ყველა მზიანი ვერ იქნება. თუ წვიმიანი სეზონი შეხვდა, დაგეგმილ შემოსავალს მეპატრეონე ვერ მიიღებს. მესმის, რომ ეს ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა აქაც შექმნილიყო ზარალის დამდგენი კომისია, რა თქმა უნდა, მასში ბანკების თანამშრომლების ჩართვით. მით უფრო უპრიანია იმ ზარალის დათვლა, რომელიც ისეთმა უბედურებამ გამოიწვია, როგორიც ომია.
2014 წლის მეორე ნახევარში ხელისუფლებამ გრძელვადიანი კრედიტი გამოყო. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს მოხდა დაგვიანებით და არაკომპეტენტურად. რატომ? ამას ქვემოთ მოგახსენებთ. გამოყოფილი კრედიტი (შვიდი წელი) იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეტაპზე – მსესხებელი იღებს სესხს სამი წლით, სამპროცენტიანი წლიური განაკვეთით. რა თქმა უნდა, სესხი შეღავათიანია. სამაგიეროდ, მეორე ეტაპზე – დარჩენილ ოთხ წელში წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13 პროცენტს. აქ უკვე დიდ შეღავათს მსესხებელი ვერ მიიღებს.
დავუბრუნდეთ კრედიტის დაგვიანებით გამოყოფის საკითხს. ქობულეთში დავით აღმაშენებელის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეს (გვარს არ ვასახელებ) საქართველოს ბანკში ჰქონდა ვალი-105 ათასი ლარი. იმის გამო, რომ სამთავრობო კრედიტი დაგვიანებით გამოუყვეს, ბანკმა სახლი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. ამ მოქალაქეს სახელმწიფომ გამოუყო 80 ათასი ლარი ე.ი. არასრულად. რატომ დააკლო ხელისუფლებამ 25 ათასი ლარი? ეს გაწირვის ტოლფასი იყო, რადგან ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რამდენი ასეთი გვყავს საქართველოში და მათ შორის აჭარაში. მოლაპარაკების შედეგად სახლის ახალი მესაკუთრე წამოვიდა დათმობაზე და მოითხოვა 65 ათასი აშშ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა დოლართან მიმართებაში, ახლა მას 130 ათასი ლარიც კი აღარ ყოფნის და მყიდველი ნახულობს მოგებას 25 ათას ლარს. ისმის კითხვა, რატომ სრულად არ დაფინანსდა მოქალაქე? ხელისუფლებას ვთხოვ, გაერკვეს ვითარებაში.
როგორც ვიცით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების სალიკვიდაციოდ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 5 მილიარდამდე აშშ დოლარიდან 887 მილიონი დოლარი გათვალისწინებული იყო მოსახლეობის მიერ ბანკებიდან მიღებული სესხებისა და დარიცხული პროცენტების დასაფარავად (?!). ეს თანხა სავსებით საკმარისი იქნებოდა ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემების გადასაწყვეტად.
კიდევ მოვიყვან მაგალითებს: მოქალაქე არჩილ პაპუნაიშვილს, ბიზნესგეგმით გათვლილი 13 ათასი ლარის ნაცვლად, მიაკუთვნეს მხოლოდ 4 ათასი ლარი, დააკლდა 9 ათასი ლარი. მოქალაქეს, მცხოვრებს აღმაშენებელის 380-ში, ომის გამო ბანკის სესხის დასაფარავად დააკლდა 20 ათასი ლარი. ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტიდან აუყვანა 24 პროცენტზე, ხოლო სესხის დავალიანება გაუზარდა 10 ათასი ლარით. 2012 წელს ბანკმა შეიტანა საქმე სასამართლოში 168 ათას ლარზე. სასამართლომ 63 ათასი ლარი ცნო უკანონოდ და დაუტოვა გადასახდელად 105 ათასი ლარი. ბანკმა გირაოში ჩადებული სახლი გაიტანა აუქციონზე და გაყიდა.
დასასრულ, არ დაგავიწყდეთ ბატონებო, არჩევნები კარს მოგვადგა და ამ ხალხის ხმები აუცილებლად დაგჭირდებათ! ხელისუფლებას ვთხოვ გაითვალისწინოს, რომ ეს ადამიანები ფორსმჟორული გარემოების გამო დაზარალდნენ, დაუდგეს მათ გვერდში, შეუსრულოს მიცემული დანაპირები.
მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა გერმანიას სახალხო მეურნეობისა და ომის შედეგების რეაბილიტაციისათვის გამოუყო 12 მილიარდი დოლარი და ეს ქვეყანა აღორძინდა. ჩვენ, ქართველებს, რა გვჭირს, მილიარდობით დოლარი რომ გვაქვს სესხად და საჩუქრად მიღებული, ქვეყანა კი თავზე გვენგრევა.
არ შემიძლია არ ვკითხო ქობულეთის საკრებულოს თავჯდომარე სულხან ოქროპირიძეს, როდესაც გაზეთ ,,ჩემი ქობულეთისთვის~ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქობულეთი ისევ ქალაქად დარჩაო, რა ვუყოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის #221 ბრძანებას, სადაც თეთრზე შავად წერია ,,თვითმმართველი თემი ქობულეთი”.
მკითხველო, დააკვირდით, ქართული ნაციონალური ტელეარხები როცა ამინდის პროგნოზს აცხადებენ, თემი ქობულეთი საერთოდ არაა ხსენებული. აცხადებენ გონიოს, შუახევს, ხულოსა და ბოლოს ბათუმს. რას მივაწეროთ ის ფაქტი, დაბა ჩაქვის ზღვის სანაპირო ზოლი ბათუმის მერიას რომ მიაკუთვნეს? რა უფლებით გაასხვისეს, ამით ხომ თემის ბიუჯეტს შემოსავალი დააკლდა?
ბოლოს, კიდევ ერთხელ ვთხოვ აჭარის მთავრობას, არ დაუშვას მოქალაქეების სახლებიდან გამოსახლების ფაქტები და შეწყვიტონ ქობულეთში მევახშეების პარპაში.
თენგიზ რომანაძე,
საქართველოს ბანკის ქობულეთის განყოფილების ყოფილი მმართველი