აჭარის ავტონომიის სტატუსის წამოწევისას, ბევრმა, საჭიროა ჩვენი წინაპრების ბრძნულ შთაგონებას მოუსმინოს: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითც დაშავდების“. ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ, რომელთა პროფესიონალური თვითშეგნება შორს დგას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისაგან, მათ შორის აჭარის ავტონომიის სამართლებრივი სტატუსისაგან.
ცხოვრება ადასტურებს უბრალო ჭეშმარიტებას, რომ ნებისმიერი საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს. როცა საქმეს პროფესიონალი ეჭიდება, არსებობს გარანტია, რომ შორს მიმავალი ნეგატიური შედეგების მქონე სერიოზული შეცდომების დაშვება არ მოხდება. ხოლო როცა საქმეს დილეტანტები ეხებიან, უბედურება გარდაუვალია. ეს ყველაფერი შეიძლება იმ მაიმუნს შევადაროთ, რომელსაც ხელში ასაფეთქებელი საშუალება უჭირავს.
რატომაა, რომ საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) არაპროფესიონალს შეუძლია იმსჯელოს ნებისმიერ თემაზე – დაწყებული გეოპოლიტიკური ხასიათის საკითხებით, ქალის საცვლების მოდით დამთავრებული. ასეთებს მეცნიერულად „ნაჯახებს“ უწოდებენ.
თუ ეს გამეფებული ტენდენცია აიხსნება საქართველოში ამ ბოლო დროის მოუმწიფებელი „დოქტორებისა“ და „პრივატ-დოქტორების“ უსაფუძვლო თვითდაჯერებულობით, მაშინ რით უნდა ავხსნათ იმ მასობრივი საინფორმაციო საშუალებების პოზიციები, რომლებიც ამ „ვაიპროფესიონალებს“ ყოვლად უსაფუძვლო ლოზუნგებისთვის აძლევენ ტრიბუნას? ეს ხომ ბოლოს და ბოლოს ამ საინფორმაციო საშუალებების მხრიდან საკუთარი აუდიტორიის უპატვცემულობაა და მეტი არაფერი.
ზემოთთქმული პირდაპირ ეხება იმ პუბლიკაციებსა და ავტორებს, რომლებიც აჭარის ავტონომიის სტატუსს თვლიან თანამედროვე საქართველოს „ანაქრონიზმად“, „სირცხვილად“ და სხვა.
ბევრჯერ სხვადასხვა კონტექსტში მე მქონდა შეხება აჭარის ავტონომიის საერთაშორისო – სამართლებრივ ასპექტებთან. მათ გამეორებას არ ვაპირებ. აქ მხოლოდ ზოგიერთი მოსაზრებით შემოვიფარგლები, რომელთა გათვალისწინება აჭარის ავტონომიის სტატუსის კონტექსტში აუცილებელია.
ისევ ჩვენი წინაპრების შეგონებას დავესესხები: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“.
განსაკუთრებით აჭარის ავტონომიის სტატუსის მოწინააღმდეგეთათვის აღვნიშნავ, რომ როცა ამ სტატუსის გაუქმებაზე მიდის საუბარი, საჭიროა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ მსოფლიო განვითარების თანამედროვე ეტაპი სულ უფრო მეტად სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთდამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც მხოლოდ ისტორიული ხასიათის არგუმენტებით შემოფარგვლის უფლებას არ გვაძლევს, თუმცა ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასეთ პირობებში, როგორც იურისტები იტყვიან ხოლმე, საჭიროა აზროვნება 1969 წლის საერთაშორისო შეთანხმებების სამართალზე დაყრდნობით, ყველა გარემოების „კონტექსტში“, მათ შორის, მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ ევროპულ სახელმწიფოთა „ხელშეუხებელი“ საზღვრები ყოფილ იუგოსლავიასთან მიმართებაში NAთO-ს შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების მიერ აშშ-ს ხელმძღვანელობით ძალისმიერი თუ სხვა აქციებით გადაიხედა.
მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს „ისტორია გვასწავლის ჩვენ“, მართალი იქნებოდა გვეთქვა, რომ „ისტორია გვსჯის ჩვენ“ შეცდომების გამეორებისათვის.
უშუალოდ აჭარის ავტონომიის სტატუსთან შეხებისას, დაუშვებელია მართვისას წარმოშობილი სისუსტეები ავტონომიის სტატუსს მივაწეროთ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ეს სტატუსი სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებით ბუტაფორიადაა ქცეული. ქაღალდზე არსებული აფხაზეთის ავტონომია თბილისში ფლობს ორჯერ მეტ სამინისტროს, ვიდრე ახლანდელი აჭარის ავტონომია. საქართველოს მმართველი სხვადასხვა რეჟიმის მომხრეებმა – გამსახურდიათი დაწყებული დღევანდელით დამთავრებული და რა თქმა უნდა სააკაშვილის რეჟიმის ჩათვლით, სჯობს მოინანიონ თავიანთი ცოდვები ქართველი ხალხის წინაშე და არა ეძებონ არავითარი გამართლება ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მარცხისათვის. იგივე ეხება აჭარის ავტონომიის სტატუსსაც. თუ დღეს მისი აჭარის მეთაურის პოსტისთვის ბრძოლა, ავტონომიის გაუქმების შემთხვევაში დაიწყება ბრძოლა აჭარის, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულის გუბერნატორის პოსტისთვის. რა შეიცვლება? ამასთანავე დიდხანს მოგვიწევს ამჟამინდელი პოლიტიკოსების მსგავსთა ძებნა, რომ „გადაკომპლექტდეს“აჭარის ხელისუფლების როგორც „საკანონმდებლო“, ისე „აღმასრულებელი“ შტოები. ალბათ, აჭარაში ამგვარ საკადრო პოლიტიკას ცენტრი შეგნებულად ახორციელებს, რომ ყველას დაანახოს, „ვინ არიან“ აჭარლები.
საერთაშორისო მოლაპარაკებათა გზით, რომლითაც მყარდება აჭარის ავტონომიის სტატუსი, შესაძლოა მხოლოდ პროფესიონალური და კომპეტენტური განსჯა, რაც მაღალპროფესიონალური დონის საერთაშორისო რანგის იურისტების საქმეა და არა სხვადასხვა მეცნიერებისა თუ სფეროს სპეციალისტებისა, ვინაიდან საუბარი ეხება საერთაშორისო-სამართლებრივი კატეგორიებისა თუ ასპექტების გასაღების ფუნდამენტალურ ცოდნას.
აჭარის ავტონომიის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ ამ სტატუსის მამტკიცებელი ყარსის 1921 წლის ხელშეკრულება, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში თურქეთ-საქართველოს შორის 1992 წელს გაფორმებული – ყარსის ხელშეკრულების მაღიარებელი ხელშეკრულება დღეს არალეგიტიმურია. საერთაშორისო სამართლის გადასახედიდან ეს ნონსენსია. საქმე იმაშია, რომ ყარსის 1921 წლის ხელშეკრულება მრავალმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ ერთი მხარე – საქართველო, დიდი სურვილის მიუხედავად მას ვერ გააუქმებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ ამ ხელშეკრულებიდან ანუ მოვახინოთ მისი დენონსაცია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლებამ ორმხრივ საფუძველზე, პირიქით, დაადასტურა ყარსის ხელშეკრულების ძალა.
აჭარის ავტონომიის სტატუსისათვის საქართველოს ცალმხრივი უარი ნიშნავს ხსენებული შეთანხმებების დარღვევას, ხოლო საერთაშორისო მოლაპარაკებათა სამართლებრივი გადასახედიდან დაუშვებელია შეთანხმებიდან რომელიმე მდგომარეობის ცალმხრივად გამოთიშვა, რამდენადაც ეს ეწინააღმდეგება შეთანხმების მთლიანობას.
ყარსის ხელშეკრულების ნაწილების უარყოფა, არსებითად ნიშნავს საქართველოს, თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრების უარყოფას. რა სუნი ასდის ამ ყველაფერს? რევანშიზმისა და, შესაბამისად დიდი ომის საფრთხე კავკასიაში. საქართველო, რომელიც თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას NAთO-სკენ ლტოლვით ცდილობს, პერსპექტივაში შესაძლოა დადგეს ამგვარი ფაქტის წინაშე: ზემოთაღნიშნული საფრთხეების შექმნის შემთხვევაში, დაცვის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა აღმოჩნდნენ NAთO-ს ჯარები, მათ შორის თურქეთისაც – როგორც NAთO-ს წევრი ქვეყნისა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მსგავსი სცენარები ფანტაზიას სულაც არ წარმოადგენს.
მსურს „პროფესიონალთა“ გროვის ყურადღება კიდევ ერთ ვითარებას მივაპყრო: ყარსის ხელშეკრულებაში არსად საუბარი არ არის აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანთა ავტონომიაზე, იქ საუბარია აჭარის მოსახლეობაზე და საჭირო არ არის მისი არსის დამახინჯება და აჭარის სტატუსის ისლამის მიმდევარი მოსახლეობის ნაწილზე „მიკერება“. ასევე საჭირო არ არის სწორ ადგილას ვეძებოთ რელიგიურ საფუძვლებზე წარმოშობილი კონფლიქტების საბაბი.
აჭარა, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ყოველთვის იყო ხალხთა მეგობრობისა და მაღალი რელიგიური შემწყნარებლობის ადგილი.
მორიგი შენიშვნა: შეუძლებელია ყარსის ხელშეკრულების ხელახალი აღიარების გამო სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის (იგულისხმება ედუარდ შევარდნაძე) დადანაშაულების გზით ვთვლიდეთ, რომ საქართველოს, როგორც შეთანხმების მონაწილე ქვეყანას, არ აქვს მასთან არავითარი შეხება. ქვეყნის მეთაური, კონსტიტუციის საფუძველზე გამოხატავს თვით სახელმწიფოს ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებები თავის თავზე აღებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს. აქ მკაცრადაა დაცული სამართალმემკვიდრეობის პრინციპი რეჟიმების ცვალებადობის შემთხვევაში.
კიდევ ერთი შენიშვნა: აბსოლუტურად მიუღებელია კვიპროსის პრობლემის აჭარის კონტექსტთან გათანაბრება. საქმე იმაშია, რომ კვიპროსი დაყოფილია ეთნიკურ ნიადაგზე. აჭარაში ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ ქართველები. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ კვიპროსი არ ფლობს საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებს, ამავდროულად აჭარის სტატუსი დაფუძნებულია როგორც ყარსის ხელშეკრულებაზე, ისე თურქეთთან საქართველოს მიერ აღიარებულ – ორმხრივ შეთანხმებაზე.
როცა კვიპროსის პრობლემაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იმავდროულად NAთO-ს წევრებიც არიან, ვერ შეძლეს კვიპროსის პრობლემის მოგვარება, ვერც მისი გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი NAთO-ს წევრი სახელმწიფოა.
შემდეგი შენიშვნები ეხება ასლან აბაშიძის მომხრეებისა და ვარშალომიძის ნათესავების გამოაშკარავების მცდელობებს, რომლებიც ელტვოდნენ აჭარაში სააკაშვილის რეჟიმს. ასეთი შედარება სხვა არაფერია თუ არა სააკაშვილის რეჟიმის კეთილმსახურება და აჭარაში გურამ ვარშალომიძისა თუ მისი ხელქვეითების ცოდვების გათეთრება.
კიდევ ერთი: თუ სავაჭრო, სავიზო და სხვა რეჟიმების ლიბერალიზაციის საფუძველზე საქართველოში უკვე მოზიდულია უცხოური კაპიტალი, საერთაშორისო სამართალი კრძალავს, რომ ინვესტიციის მიმღებმა სახელმწიფომ შემდგომში შექმნას რაიმე დაბრკოლებები ინვესტორებთან ან სხვა კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში. ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში გამოიყენება მეტ-ნაკლებად შერბილებული მიდგომა თუ შემოღებულია რაიმე სახის პრეფერენციები, მაშინ უპირველეს ყოვლის ასეთ რეჟიმს მეზობელი სახელმწიფოები ან ეკონომიკური ინტეგრაციის პარტნიორები იმსახურებენ. ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ბათუმის პორტში განხორციელებული ყაზახური ინვესტიცია ქართულ მედიაში ცალსახად რუსულ ინვესტიციად განიხილება. ყაზახეთი ყველასგან დაფასებული სახელმწიფოა და ასეთი უაზრობები ცივილიზებული მსოფლიოს პრინციპებთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. თუ ვაჭრობაში ან საზოგადოების ცხოვრების სხვა სფეროებში არსებობს გადახრები, ეს პირველ რიგში ნაციონალური ხელისუფლების შეცდომაა და არა ინვესტორების. დაუშვებელია კვერცხი ღვთის წყალობაში შეგვეშალოს.
რაც შეეხება კონკრეტულად თურქულ კაპიტალს და აჭარაში მისი შემოდინების შედეგებს, საჭიროა შევახსენოთ პატრიოტთა ხროვას იმ ცივილიზებული ევროპის ზოგიერთი წესი, საითაც საქართველოს ხელისუფლება მიილტვის.
უცხოური ინვესტიციები რიგი სახელმწიფოების მიერ ყოველთვის განიხილება როგორც ნაციონალური ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საშუალებები. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კი აუცილებელია ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც ახეირებს უცხოელებს. ამისათვის საქართველოს ხელისუფლება გეგმავს შეღავათების განხორციელებას ექსპორტზე უშუალოდ თურქი ინვესტორებისათვის, ეს იქნება დიაგონალური კუმულაციის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომლის თანახმადაც თურქული ნედლეულით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია ჩაითვლება ქართულად. სწორედ ამას მოითხოვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობები ევროკავშირში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე. ზოგიერთი ჩვენი ვაისპეციალისტი ამ თემას განიხილავს თურქი ბიზნესმენების მიერ საქართველოში შექმნილ სამკერვალო ფაბრიკებში ჩვენი ქალების მონურ შრომად. თუნდაც ერთხელ თუ უკითხავთ მათ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებისთვის, რომლებიც იქ 200 ლარიან ხელფასს იღებენ, საქართველოში, სადმე სხვაგან თუ არის სხვა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო? შეუძლია ქვეყანას დღეს თვითონ აწარმოოს ქსოვილი, შექმნას პროდუქციის წარმოება და მოახდინოს მისი რეალიზაცია სხვა რომელიმე ქვეყანის ბაზარზე, როგორც ამას თურქი ბიზნესმენები ახდენენ? ვინ არის ამაში დამნაშავე? თურქი ინვესტორები? იციან თუ არა ჩვენმა ვაისპეციალისტებმა, რომ თურქეთის თავისუფალ ზონებში, უშუალოდ კი ქალაქ მერსინში, გერმანული კომპანიები ზუსტად იმავე წესით იყენებენ იაფ თურქულ მუშა-ხელს.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ შეგვიძლია მოვიყვანოთ საინტერესო სტატისტიკა: საქართველოში მსხვილი უცხოური ინვესტიციების რეიტინგი გვიჩვენებს, რომ ოც კომპანიას შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან მხოლოდ ერთი ინვესტორია აზერბაიჯანიდან (BP-ჯგუფი) და ერთი თურქეთიდან („მერსინი“ ტურიზმი, სასტუმროები და რესტორანები), სამაგიეროდ ამ ოცი მსხვილი ინვესტორიდან ათი ჰოლანდიელია – ენერგეტიკული კომპანია „აჭარისწყალის“ ჩათვლით. (ალბათ ჰოლანდიელების სიძე – სააკაშვილს თავისი მმართველობის პერიოდში საკუთარი სამოყვროსთვის ცუდად არ უმუშავნია). საქართველოს ისეთი სტრატეგიული პარტნიორისაგან, როგორც შეერთებული შტატებია, ხორციელდება მხოლოდ ერთი ინვესტიცია („მაგთიკომი“ კომუნიკაცია). ეს სტატისტიკა ძალიან ბევრზე მეტყველებს.
დასასრულ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „გადადებულ“ მდგომარეობაში დატოვებით, მოქმედების თორმეტწლიან პერიოდში მიგვიყვანა აჭარის ავტონომიის დე ფაქტო და დე იურე ბუტაფორიულ მდგომარეობამდე. ასეთი მდგომარეობის შესაბამისი შედეგებიც სახეზე ძალიან ბევრია. კონკრეტულად, ქალაქ ბათუმის არჩეულ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში შეუძლია დაიჭიროს ვიცე-სპიკერის პოსტი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, ამჟამად თუ ვის უჭირავს ეს პოსტი, მივიღებთ ქართული საზოგადოების თვალში აჭარის მკვიდრთა დისკრიმინაციის კიდევ ერთ თვალნათელ სურათს.
პატრიოტულად განწყობილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და სტრატეგიულად მოაზროვნენი პირიქით უნდა იქცეოდნენ და ცალსახად ხელს უნდა უწყობდნენ აჭარის ავტონომიის სტატუსის განმტკიცებას. როგორია ამაში საქართველოს პერსპექტივა? ამაზე სხვა დროს, კონსტრუქციულად განწყობილ თანამემამულეებთან ერთად ვისაუბროთ.
ასლან ხუსეინის – ძე აბაშიძე,
პროფესორი