მთავარი ინტერვიუ რატომ უწოდებს თავს დიდი ფეხბურთელი „დამსახურებულ მათხოვარს“?!.

რატომ უწოდებს თავს დიდი ფეხბურთელი „დამსახურებულ მათხოვარს“?!.

711
0

მისი გაზაფხული…

შეხედავ და 55 წელზე მეტს ვერ მისცემ, ათლეტური აღნაგობა ახლაც შერჩენია, წელგამართული დააბიჯებს და კვლავაც იპყრობს შემხვედრის ყურადღებას. არადა, 8 მარტს 85 წელი შესრულებია ჩვენი ქალაქის მკვიდრს, ყოფილ ფეხბურთელს, შესანიშნავ პიროვნებას ნიკო ჩაჩუას, ამ საიუბილეო დღეებში ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი ამაგდარი სპორტსმენის ცხოვრებას. მასპინძელი იხსენებს იმ ბობოქარ, მოუსვენარ წლებს… საოცარია რა საღი, ნათელი გონება შერჩენია.
დაბადების ადგილი თეირანი. მშობლები იქ საელჩოში მუშაობდნენ. ირანში დაიბადნენ მისი და ნათელა და ძმა პავლე. 1940 წელი იყო, ომის სუნი ტრიალებდა ევროპაში. ეს მამამ განჭვრიტა და ოჯახი სამშობლოში გამოხიზნა. თვითონ იქ დარჩა ცოტა ხნით. მაშინ ნიკო 10 წლის იყო… ბავშვს ფეხბურთის იშვიათი მონაცემები ჰქონდა და თბილისის 35-ე ფეხბურთის სპეციალიზებულ სკოლაში ჩარიცხეს, სკოლა ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირში.
მისი გაზაფხული, სიჭაბუკის ყვავილობა, ვერ ასცდა რეპრესიების სუსხს. 1951 წელს, როგორც ირანში ნაცხოვრები ოჯახი 120 მათნაირთან ერთად, ყაზახეთის სტეპებისაკენ გააქანა მატარებელმა. რამდენიმე წელი გაატარეს ჩაჩუებმა ყაზახეთში, ნიკო სკოლაში მუშაობდა ფიზკულტურის მასწავლებლად, მამაც გეოდეზიის ხაზით მუშაობდა. (მან დიდი წვლილი გაიღო სამგორის წყალსაცავის მშენებლობაზე). გადასახლებაში ყოფნისას ნიკო 2 წელიწადს თამაშობდა ტაშკენტის ,,ფახთაქორში”. სკოლაში გაიცნო ნიკომ ტულადან ფიზიკის მასწავლებლად მივლინებული გოგონა ელენე (მაშინ ასე იყო, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტს მიავლენდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირის ნებისმიერ კუთხეში) და შეიქმნა ოჯახი. ახლა იცინის ქალბატონი ელენე, ნუთუ ყაზახეთში იყო ჩემი ჩასვლა საჭირო, რომ იქ გამეცნო ქართველი ახალგაზრდა და გავთხოვილიყავიო. 1955 წელს დაბრუნდა თბილისში რეაბილიტირებული ოჯახი. სპორტსმენი თავის საქმეს დაუბრუნდა.

მისი ზაფხული…

იმ წლებში იდგამდა ფეხს და ძლიერდებოდა ფეხბურთის გუნდი „შუქურა” (მანამდე „ქობულეთის კოლმეურნე“ ერქვა). ნიკო ჩაჩუა 1957 წელს ქობულეთში მოიწვიეს. ასე უყრიდა თავს კარგ სპორტსმენებს რაიკომის მდივანი ალექსანდრე გოგიტიძე. ყველანაირი პირობა შეუქმნა ახალგაზრდა ოჯახს, მისცეს ოროთახიანი ბინა ლენინის ქუჩაზე. რესპუბლიკის სპორტკომიტეტმა დააჯილდოვა მოწმობით, რომლითაც ნიკო ჩაჩუას ნება ეძლეოდა საბჭოთა კავშირის ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთის მატჩს დასწრებოდა.
აქ, ქობულეთში გაატარა ბატონმა ნიკომ ცხოვრების შინაარსიანი და ლამაზი წლები და მთელი ენერგია თავის საყვარელ გუნდს მოახმარა. ,,შუქურას” გუნდს, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესანიშნავი ფეხბურთელებით – გუნდის პრესტიჟს იცავდნენ: გურამ კავთიაშვილი (იბოდ ცნობილი ქობულეთში), ჯონი ანღულაძე, თამაზ ხოფერია, დავით გუგუშვილი, ოსმან დუმბაძე, როსტომ თხილაიშვილი, მირზა თხილაიშვილი, ზურა ურუშაძე, ბონდო გაბუნია, თემურ მურვანიძე (ახლა მთელ ქობულეთში ცნობილი ,,ბაბაიას დუქანით“ და ,,ჩაქაფულის“ და ,,კალიას“ დიდოსტატობით), ადიკო ახალაძე, ვალიკო ჩხარტიშვილი, ვიტია დიმანოვი, ანზორ შაფათავა…
„შუქურას“ სტადიონს უმასპინძლია ისეთი ცნობილი გუნდებისთვის როგორიცა: მოსკოვის „სპარტაკი“, „დინამო“, „ცდკ“. ძირითადად იმართებოდა ამხანაგური თამაშები. საოცარია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – სტუმრები ყოველთვის აგებდნენ ამ თამაშებს, მხოლოდ ერთხელ დამრთავდა თამაში ფრედ.

– ეს როგორ, ბატონო ნიკო, ასეთ ძლიერ გუნდებს როგორ უგებდით, რა ჯადოს უკეთებდით?
– არაფერსაც, არ ვუკეთებდით, რომ ჩამოდიოდნენ სულ ზღვაზე იყვნენ, ზღვა და მზე კი მოგეხსენებათ თენთავს ადამიანს, ისე თენთავდა მათაც, რომ იმ შემართებით ვეღარ თამაშობდნენ, ეს იყო და ეს… ჩვენ ვიცოდით, მათ კი უკვირდათ, როგორ გვიგებენ ქობულეთლებიო. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 1953 წელს „შუქურას“ მოუგია სრულიად საკავშირო საჰაერო ძალებისათვის 1-0. გოლის ავტორი ყოფილა როსტომ თხილაიშვილი, გვამცნობს ბატონი ნიკო…

1967 წელს საქართველოს პირველობაზე შუქურამ აიღო მეორე ადგილი და მიენიჭათ კიდეც „ბ“ – კლასის ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის სახელი. „შუქურამ“ „ბ“ კლასში ოთხ წელიწადს ითამაშა. ის ხვდებოდა: კისლოვოდსკის, პიატიგორსკის, გროზნოს, კარაკალპაკიის ზონის გუნდებს.
– რაიკომის მდივნები თან ჰყვებოდნენ გუნდის საქმეს, გვიყვება მასპინძელი, ალექსანდრე ლომაძემ, ფათუშა დუმბაძემ, რუბენ სიორიძემ დიდი ამაგი დასდეს ამ სტადიონის გაკეთებას. გვეხმარებოდნენ კოლმეურნეობების თავჯდომარეები ვლადიმერ ბაჯელიძე, რეზო გოგიტიძე, გიორგი მურუზიდი… იხსენებს ყოველ წვრილმანს ბატონი ნიკო.
ყველა ფეხბურთელს თავისი „ბალეიშიკი“ ჰყოლია… ხალხი სპეციალურად დადიოდა სტადიონზე, რომ ნიკო ჩაჩუას თამაში ენახა, მისი ფანდები. ბატონი ნიკო ძალიან მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა და ბუნებრივია, უამრავი ქალი ტრიალებდა მის ირგვლივ, მაგრამ ჭკვიანი მეუღლის, ქალბატონი ელენეს წყალობით ჩრდილი არასდროს მისდგომია მათ ცხოვრებას და ურთიერთობას.

მისი შემოდგომა…

– იქნებ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების სასიამოვნო ფაქტი…
– მთელი ჩემი ცხოვრება სასიამოვნო იყო – მოგზაურობები, თამაშები, შეჯიბრები, ვემსახურებოდი საყვარელ საქმეს, ხალხი პატივს მცემდა.
მართლაც ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ბატონ ნიკოსა და მის მეუღლეს, რომ არა ვაჟიშვილის კოტეს ტრაგიკული დაღუპვა. ქალიშვილებს ლიანას და ნათელას თავთავიანთი ოჯახები აქვთ. დათო მასთან ცხოვრობს. ჰყავს ექვსი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. 44 წლის რომ გახდა ნიკო ჩაჩაუა, ახალგაზრდების აღზრდა მიანდეს და ვინ იცის, რამდენი თაობა აღუზარდა რაიონს. პატიოსნების განსახიერებაა.
თემურ მურვანიძე მოგვითხრობს: – ერთხელ ფეხბურთელთა ფორმის შესაძენად გაგზავნეს ბატონი ნიკო. საკუთარი საჭიროებისათვის დასჭირდა ფული, შეეძლო ცოტა ნაკლები ხარისხის ეყიდა და ფული დარჩენოდა, მაგრამ იმ თანხას ხელი არ მოკიდა. ნიკო არის უაღრესად თბილი, მეგობრული და რაც მთავარია, იუმორით სავსე ადამიანი, ერთ რამედ ღირს მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა. ქალბატონმა ელენემ 40 წელი იმუშავა ფიზიკის მასწავლებლად #2 საშუალო სკოლაში, ღირსეული სამოცწლიანი თანაცხოვრების აღსანიშნავად მშობლებს შვილებმა ამ რამდენიმე ხნის წინ „ბრილიანტის ქორწილიც“ გადაუხადეს. დღეს ჩაჩუები რუსთაველის ქუჩაზე „ბელეტაჟ“ სახლში ცხოვრობენ მოკრძალებულად.
– ბატონო ნიკო რით ცხოვრობთ?
– პენსიით და, როგორც რეაბილიტირებულ ოჯახს შვიდი ლარი მემატება შუქის ფული. ამ იატაკზე იმდენი პარკეტი არაა, რამდენმა ადამიანმაც მე ხელისგულზე მატარა. ახლა „დამსახურებული“ მათხოვარი ვარ. კიდევ კარგი პენსია მაინც მაქვს.
– რას ურჩევთ ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელებს?
– რა თქმა უნდა, საქმე უნდა უყვარდეთ, მაგრამ უპირველესად ადამიანები უნდა იყვნენ. მოვიგებდით თუ წავაგებდით, მეგობრებად ვრჩებოდით, იშლებოდა მაგიდაც, დღეს კი ფულს უყურებენ, ფული კი არა, ნამუსი უნდა ჰქონდეს კაცს. ფული მიდის, ქრება, სახელი კი სიკვდილამდე რჩება კაცს. მოღალატე, უნამუსო არ უნდა იყოს კაცი. მართალია, დალევა არ შეიძლებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევისას 2-3 დღეს ვვარჯიშობდით, რომ ორგანიზმიდან ოფლით გამოგვეყვანა ალკოჰოლი.

ჩაჩუების სახლის წინ ბორდოსფერი ჯიპია, ეს ბიძაშვილს უჩუქებია ქალბატონი ელენესთვის. მიუხედავად ამისა, ძველი ფეხბურთელი მაინც ფეხით დადის. ამ ბოლო დროს ექიმს აუკრძალავს, ასაკში გულს დატვირთვა არ უხდებაო.
როგორ ყოველთვის, ამჯერადაც დაბადების დღის 85-ე წელიწადი მეგობრებმა აღუნიშნეს „ბაბაიას დუქანში“ და ერთი ლამაზი ფურცელი შემატეს დროით გამოცდილ მეგობრობას. მეტი რაა ადამიანის ცხოვრება.

რედაქციაც გულწრფელი პატივისცემით ულოცავს ამ შესანიშნავ ადამიანს დაბადების დღეს თავისი ცხოვრების მეგზურთან ელენესთან ერთად დიდხანს ევლოთ ამ დალოცვილ დედამიწაზე. მათი ასაკი თვალნათელი მაგალითია, რომ ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ამ ასაკამდე და შეაბიჯოს „ზამთარში” ასე მხნედ და ლაზათიანად.

ლია გრძელიძე