პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები შეუმსუბუქონ, თუმცა ინფლაცია მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო, პატარა ქვეყანა – პატარა ეკონომიკით, ვერ იქნება გამონაკლისი.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკრან იდგა, „ნაციონალური მოძრაობა“. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალაინ აწუხებთ ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები, მაგრამ მინდა განვმარტო შემდეგი ინფორმაცია. ზოგადად ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არა ერთ ქვეყანაში ათწლეულების დონეს მიაღწია.
ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა, გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა,ისე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია ვიყოთ გამონაკლისი, იმიტომ რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო, ახლა დაემატა ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზეც, ეკონომიკაზეც და ინფლაციაზეც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.