დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის “სინოფარმით” ვაქცინაციაზე 14 000-მდე ჯავშანია გაკეთებული.
„გაცნობებთ, რომ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.
ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ლიკა შარაძე