მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

223
0

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა გრძელდება. ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს აჭარაში განიხილეს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მხარეებსა და საჯარო განხილვის მნიშვნელობას.

კონსტიტუციის პროექტის ძირითადი ასპექტების შესახებ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

ბათუმში კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

,,მიხარია, რომ დღეს აჭარა მასპინძლობს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ჩართულობისთვის. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, მიმეღო მონაწილეობა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ვფიქრობ, შემუშავდა რეგიონისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს, მოქნილს და დახვეწილს გახდის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. „მიხარია და მივესალმები გადავსებულ დარბაზს, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რომ მთელი საზოგადოება ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ერთად. ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებამდე ერთიან ჭეშმარიტებამდე, რასაც ჰქვია ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თანაცხოვრებას განაპირობებს. ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ რეალურად ამ პროცესის გაღრმავებით მივალთ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიმოხილვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვან კითხვებს უპასუხა. განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კვლავაც გაგრძელდება.