მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბიზნესმენი გიორგი ჭყონია დუმილს არღვევს

ბიზნესმენი გიორგი ჭყონია დუმილს არღვევს

20505
0

ბიზნესმენი გიორგი ჭყონია ერთ ერთ ტელეარხზე გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზებზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება. სიუჟეტის მიხედვით ჭყონია წარმოდგენილია, როგორც ნგრევის ერთ ერთი მიზეზი, რომელიც მეზობელ სადარბაზოში ასევე კომერციულ ფართს არემონტებდა.

გთავაზობთ გიორგი ჭყონიას პოსტს:

-“როგორც რიგითი მოქალაქე გიორგი ჭყონია შეძრწუნებული ვარ უკანასკნელ დღეებში ჩემს მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიით და თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო განმარტება. არსებობს ჟურნალისტური და თუნდაც ადამიანური ეთიკა – არ შეიძლება ვინმეს დააბრალო ადამიანების სიკვდილი დაუსაბუთებლად, გამოუძიებლად, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ვიღაცის წისქვილზე წყალს დაასხამს.

8 ოქტომბერს ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი მდებარეობდა ჩემს კუთვნილებაში მყოფი კომერციული ფართისგან 2 სადარბაზოს დაშორებით და სრულიად სხვა სახლს წარმოადგენდა, შესაბამისად მათ არ გააჩნდათ არანაირი კონსტრუქციული ბმა, არც ერთიანი სარტყელი და ბუნებრივია არც საძირკველი. ჩემს ფართში მიმდინარე სამუშაოები ვერ გამოიწვევდა სხვა სახლის კედლების ნგრევას და ეს ცილისწამება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
აღნიშნული ფართი ჩემამდე 10 წელზე მეტი ფუნქციონირებდა როგორც კომერციული ფართი და ბათუმში ცნობილი „ყავის სახლი“ და არა ბინა, როგორც ეს სიუჟეტში ითქვა სხვა მრავალ ტყუილთან ერთად.

ვთვლი რომ აღნიშნულ დეტალებზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა, არქიტექტორებმა და ურბანისტემა და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჟურნალისტებმა, მითუმეტეს მტკიცებითი ფორმით და საშინელი ცილისწამებით მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით.

არ მინდა ვისაუბრო ჟურნალისტების მოტივებზე რამაც აიძულა მსგავსი სიუჟეტის გაკეთება, რომელშიც მთავარი პერსონაჟის ფოტოც კი თავიდან არასწორად იყო ჩასმული, რომ არაფერი ვთქვა სხვა მრავალ ტყუილზე და ცილისწამებაზე.

ჩემთვის სამწუხაროა რომ სენსაციებზე და პოლიტიკურ დაკვეთებზე მონადირე ახალგაზრდა ადამიანები ტელევიზიით ტირაჟირებენ ტყუილს და პოლიტიკურ ქულებს იწერენ ადამიანების ტრაგედიის ხარჯზე. არ საუბრობენ და არც კი განიხილავენ მართლაც რეალურ მიზეზებს რასაც შეეძლო გამოეწვია ნგრევა.

შორს ვარ ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობისაგან და უპირველეს ყოვლისა ვემსახურები ჩემს კუთხეს და ჩემს ხალხს, (რაზეც სამწუხაროდ ტვ პირველში არ საუბრობენ, მიუხედავად იმისა რომ ამის ამსახველი მასალა გააჩნიათ)

8 ოქტომბრის ტრაგედია ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან თავადაც მახლობლად ვცხოვრობ და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ამ უბანში მაქვს გატარებული, ამ კორპუსში ცხოვრობენ ჩემი ოჯახის წევრები.

მძიმე ტრაგედიის წუთებში არათუ იქ გავჩნდი, ნგრევის დაწყებამდეც იქ ვიყავი და რა თქმა უნდა გვერდიდან არ მოვშორებივარ ჩემს მეზობლებს და ახლობლებს არცერთი წუთით, ყველა მაცხოვრებელი ჩემთვის ახლობელი და ნაცნობი იყო. ჩემი კომპანიის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა მუშაობდა 30 საათის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ადამიანების გადასარჩენად.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ვწუხვარ რომ ამ ძმიმე წუთებში მსგავსი განმარტების წერა მიწევს იმის ნაცვლად რომ ყველა ერთად მათი ტკივილის შემსუბუქებას ვცდილობდეთ.”

ავტორი: ხვიჩა მამულაძე