მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს, რომელიც 8 აპრილს...

დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია მის სასამართლო პროცესს, რომელიც 8 აპრილს დაინიშნა…

217
0

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა.

სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

სოფიო პაქსაძე