საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოდან დათხოვნილმა პოლიციელმა გია ხალვაშმა ტელეკომპანია „ტვ12“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ, კახა ბუხრაძესთან მისი უთანხმოების საფუძველი გახდა ის, რომ რაღაც საკითხებზე ხმამაღლა გამოხატა თავისი აზრი.
-`რაც შეეხება ჩემს განთავისუფლებას, ეს იყო მოგონილი ფაქტები, რაღაც ძველი ამბები, თითქოს ვიღაცისთვის ჯარიმები დამიწერია, ვიღაც რაღაცას მჩივლობდა. 2016 წელს მომხდარ ფაქტებზე არის საუბარი, თუმცა ყოველივე ეს არარეალური და მოგონილია. იქედან მოყოლებული, რაც საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე კახა ბუხრაძე დაინიშნა და დაიწყო ასეთი ღონისძიებების ჩატარება ქალაქში, ყველა ინსპექტორის გულის ტკივილი იყო, რომ საზოგადოება შეწუხდებოდა და ცუდი რეაქცია მოყვებოდა ასეთ გამკაცრებულ საჯარიმო სანქციებს, რაზეც ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი, სწორედ ამის შემდეგ იყო მუქარები, რომ თითქოს მე ავტეხე ბუნტი სამსახურში და ამისათვის მოხდა ჩემი გათავისუფლება.
დიახ, ჩვენ ვსაუბრობდით და ვგრძნობდით, რომ ბუხრაძის უმკაცრეს ბრძანებებს ძალიან ცუდი შედეგი მოყვებოდა, რაც დამტკიცდა კიდეც 11-12 მარტის მოვლენებით, ჩვენ კი ამ ყველაფერზე 10 დღით ადრე ვსაუბრობდით… საზოგადოებიდან იყო აგრესია, ჩვენ ვცდილობდით უსიამოვნებებისათვის თავი აგვერიდებინა, აგვეხსნა მძღოლებისთვის ეს გამკაცრებული საჯარიმო სანქციები. არ უნდა გაეჩერებინათ ცუდად მანქანა, არ უნდა შესულიყვნენ საგზაო ნიშნებში და თავი შეეკავებინათ დარღვევებისაგან. აგრესია მოჰყვა პირველ დაკავებულს – ვარშანიძეს. მე დავაკავე ბატონი რამაზ ხიმშიაშვილი, ეს იყო ვარშანიძის დაკავებამდე ნახევარი სათით ადრე. რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ის იყო მოქალაქე, რომელსაც ვუწერდით ჯარიმას და მან მოგვაყენა შეურაცხყოფა, ჩვენ ჩვეულებრივად სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით, უბრალოდ ამ საქმით აპელირება იმის გამო დაიწყეს, რომ ბუხრაძე აპირებდა აქციის ორგანიზების ჩემზე გადმობრალებას, ამიტომ მე ხმამალა დავიწყე საუბარი. როდესაც ჩატარდა პირველი სასამართლო პროცესი ხელმძღვანელებისაგან უარი მივიღე მტკიცებულების წარდგენაზე. მე მოვიმიზეზე სასამართლო პროცესზე, რომ პრესამსახური არ იმყოფებოდა ადგილზე და ხარვეზების გამო ვერ მოხდა ვიდეომასალის წარმოდგენა, თუმცა შემდეგ პროცესზე უნდა წარმომედგინა, შემდეგი პროცესი რომ ტარდებოდა, ავიღეთ ეს ჩანაწერები, მაგრამ მოადგილემ გამოგვართვა და გვითხრა ვერ წაიღებთ მათო… მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, ოცმეთაურს ვუთხარი, რომ თუ მე ამ ვიდეოს ვერ წავიღებდი სასამართლოზე, იქ შემსვლელი არ ვიქნებოდი და თუ მაინც შევიდოდი, მოსამართლესთან ვიტყოდი, რომ ხელმძღვანელმა არ გადმოგვცა ეს ვიდეო და ვერ წარმოვადგინე მეთქი. ისიც ვთქვი ოცმეთაურთან, ჟურნალისტებმაც რომ დამისვან შეკითხვა, აუცილებლად ვიტყვი ამას მეთქი. როცა მივედი სასამართლოში დაახლოებით 15 წუთი აკლდა პროცესის დაწყებას, მე დავურეკე ჩემს ოცმეთაურს და ვუთხარი ჩემი მეწყვილე მეგი ხუნწელია უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოზე როგორც მოწმე, რომ დაედასტურებინა ის სიტყვები, რასაც რამაზ ხიმშიაშვილი ამბობდა ჩანაწერში, ამის შემდეგ ოცმეთაურმა მითხრა, რომ ხუნწელია უარს ამბობდა სასამართლოზე გამოსვლაზე, რომ მეგი არ გამოდისო, თუმცა მანამდე ის დამპირდა, რომ მოვიდოდა პროცესზე. რა თქმა უნდა, მე ვთქვი სასამართლოზე რის გამოც არ გამოვიდა მეგი, ის მეუღლეს დაელაპარაკა და მან სასტიკად გააფრთხილა არ მოსულიყო, რადგან მისი მეუღლე სუს-ის თანამშრომელი გახლავთ… ამის შესახებ მე მოვახსენე ოცმეთაურსაც. რამდენიმე წუთი აკლდა პროცესის დაწყებას, როცა დარბაზში შემოვიდა ჩემი მეწყვილე, რომელმაც დაკითხვისას განაცხადა, რომ არ გაუგონია რამაზ ხიმშიაშვილისგან შეგინება, თუმცა ვიდეო მასალაში ნათლადაა დაფიქსირებული თუ როგორ უმტკიცებს მეგი ხიმშიაშვილს თქვენ შეიგინეთო.
ინტევიუს დროს, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გია ხალვაშმა მისი დათხოვნის შესახენ შს სამინისტროს ოფიციალურ კომენტარზეც გაამახვილა ყურადღება და მას აბსურდი უწოდა. ხალვაშის მტკიცებით ბუხრაძე ნამდვილად საუბრობდა ბათუმში ე.წ. პალაჟენიის დამყარებაზე და აჭარლებს თათრებსაც ძალიან ხშირად უწოდებდა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კომენტარს, მასში ნათქვამია: გია ხალვაშის წინააღმდეგ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა დისციპლინური საქმისწარმოება, ეს არ უკავშირდება კონკრეტულად ბათუმის მოვლენებს, რამდენიმე სამსახურეობრივ გადაცდომაზე იყო საუბარი, მათ შორის 2017 წელს ჩადენილ გადაცდომაზე, რომელიც არანაირ კავშირში არაა ბათუმის მოვლენებთან. ხალვაში დაკავებული თანამდებობიდან გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აჭარაში რაიმე ცვლილებების აუცილებლობას. -„ყველა იმ ადამიანმა, ვისთანაც მქონდა საუბარი, კატეგორიულად უარყო ქსენოფობიური განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო. სწორად იყო შერჩეული სენსიტიური საკითხი, რომ თითქოს ქსენოფობიური განცხადებები გაკეთდა პოლიციელების მხრიდან, მსგავსი არაფერი ყოფილა~, – აღნიშნა მინისტრმა.
აქციის ორგანიზების ბრალდებით პროკურატურამ 19 პირი დააკავა. მათ მასობრივ არეულობაში, პოლიციელებსა და საჯარო სამსახურებზე თავდასხმაში ედებათ ბრალი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის თითოეულ მათგანს.
დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართა, სასამართლომ ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას ხმაური, დაკავებულების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ისინი აქციებით იმუქრებიან.
არეულობის ორგანიზებისთვის 2 პირი, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდეს.
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია აბულაძე, რეზო ხარაზი და გიორგი კირთაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის გარეშე დაკითხა. პარტიის წევრების განცხადებით პროცედურები დაცული იყო. დაკითხვას პარტიის კიდევ ერთი წევრი – ელგუჯა ბაგრატიონი ელოდება. რეზო ხარაზი და ელგუჯა ბაგრატიონი ის პირები არიან, რომლებიც 11 მარტს დაწყებულ აქციებს ბათუმი პლაზასთან შეუერთდნენ, შემდგომ კი აჭარის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს.
ხვიჩა მამულაძე