„იგრძენი ქუჩის გულისცემა“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც ბათუმის ქუჩებში ქუჩის მუსიკის დღეს – 31 მაისს გაიმართება. ქუჩის მუსიკის დღე მიზნად ისახავს როგორც უცნობი მომღერლების პოპულარიზაციას, ასევე პროფესიონალი მუსიკოსების ნიჭის წარმოჩენას, მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს დღის სასიამოვნოდ და მუსიკალურად გატარებას. ქუჩის მუსიკის დღე – ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს, ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს. ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელ მსოფლიოში. საქართველოში პირველად ქუჩის მუსიკის დღე 2012 წელს გაიმართა. ფესტივალიზე, რომლის ორგანიზატორები ასოციაცია „ქუჩის მუსიკის დღე” და ორგანიზაცია „EREDELI” არიან, რეგისტრაცია დაწყებულია და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.