მთავარი ინტერვიუ რა ქონება გაიტანეს აჭარიდან უგულავამ და მისმა „თანამებრძოლებმა“?!

რა ქონება გაიტანეს აჭარიდან უგულავამ და მისმა „თანამებრძოლებმა“?!

1440
0

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ერთდღიან თავისუფლებს საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა და აჟიოტაჟი მოყვა. რა შეფასებებს აკეთებს ამ ფაქტთან დაკავშირებით 2004 წლის მაისში აჭარის მოვლენების ერთ ერთი აქტიური მონაწილე, ყოფილი პარლამენტარი და საზოგადოებრივი ექსპერტი თამაზ ცინცაძე წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო თამაზ, მოდით, მოვლენის შეფასებიდან დავიწყოთ, როგორ აფასებთ უგულავას ერთდღიან თავისუფლებას?

– რა უფლება მაქვს შევეწინააღმდეგო და უკმაყოფილება გამოვთქვა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ, გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებას შეეხება. ეს ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა. სამართალმა იზეიმა, მას მეც შევუერთდები, მაგრამ არის კითხვები, რომლებიც პასუხებს მოითხოვს.

– რას გულისხმობთ?

– ჩვენ, აჭარის მკვიდრ მოსახლეობას დიდი ხანია გვაქვს კითხვები უგულავასთან და ეს კითხვები ეხება პირადად მას, როგორც `კმარელთა~ დიდი ჯგუფის ხელმძღვანელს. კერძოდ, აღიარებს თუ არა ის, 2004 წლის მაისის მოვლენების დროს, ასლან აბაშიძის აჭარიდან წასვლისას, მისი კაბინეტისა და აპარტამენტების ძარცვას და იქ არსებული ქონებისა თუ ძვირფასეულობის განიავება – მითვისებას? კითხვები გვაქვს ასევე ძვირადღირებული ავტომანქანების `ჰამერების~, `მერსედესების~ და სხვა საკუთრების ძარცვა-განიავებასთან დაკავშირებითაც, რომელთა შორის, როგორც მაშინ ითქვა, ერთი `ჰამერი~ გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის მფლობელობაში აღმოჩნდა. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი დღემდე არ გაცემულა. მათ შორის იმაზეც, ბატონმა უგულავამ რატომ იკადრა, ან ჩვენ მხარეს რატომ შებედა, ასლან აბაშიძის კაბინეტიდან მისი სავარძელი გაეტანათ და ბულვარის შესასვლელში მდგარ ასალან აბაშიძის ბაბუის, დიდი მემედ აბაშიძის ძეგლისთვის ხელებში ჩაეწვათ? არ გარკვეულა ეს ყოველივე ვის ინტერესებში შედიოდა და ამ აქტის განმკარგავი, როგორც მაშინ ბევრი სხვა რამის შემოქმედი, სწორედ ბატონი უგულავა გახლდათ.

– საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას ასე დამაჯერებლად რომ საუბრობთ?

– მეტსაც გეტყვით, გიგი უგულავა იმის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, როცა აჭარის ტელევიზიის უძვირფასესი აპარატურა გაიტანეს და თბილისის გზას გაუყენეს. მაშინ პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმის მოწმეც გახდა, სარფის საბაჟოს საწყობებიდან გამოტანილი ძვირფასეულობა თბილისისკენ როგორ გადაამისამართეს, ხოლო შემდეგომ ამ ფასეულობების აღწერილობის აქტი როგორ გააქრეს. ბატონი გიგი ამ ფაქტების თაობაზე კარგად ინფორმირებულია და სამართალდამცველი ორგანოები თუ დაინტერესდებიან ამით, კარგ სამსახურს გაუწევენ საზოგადოებას…

– რატომ მაინც და მაინც ახლა საუბრობთ ამ ყველაფერზე, აქამდე რატომ დუმდით ბატონო თამაზ?

– ის ადამიანები, ვისაც თავი აჭარის მკვიდარდ მიგვაჩნია, ვალდებულნი ვართ ჩვენი წინაპრების მთავარ ანდერძს _ `წაქცეულ კაცს არ ეჭიდავებიანო~, არ ვუღალატოთ. იმედია, საქართველოს მოსახლეობას აჭარის ტელევიზიის ქონების განაწილება-განიავების თაობაზე თავის მოსაზრებასა და პოზიციას ცნობილი უფლებადამცველი ბატონი თამაზ ბაკურიძეც გააცნობს, ის ბევრ საკითხში კარგად ინფორმირებულია და უფლება არა აქვს დადუმება აირჩიოს.

– თქვენ ძალიან საინტერესო ფაქტები გაიხსენეთ, ეტყობა, დრო მთლად კარგი მკურნალი ვერ ყოფილა?..

– `ნაციონალების~ გასაგონად მინდა ისიც განვაცხადო, რომ ურჩევნიათ თავად აღიარონ, ბათუმის საზღვრების ერთჯერადად სამჯერ, 4446 ჰექტარით გაფართოება და ქალაქზე ისეთი ფართობები მიერთება, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურაში ვერასოდეს ვერ ჩაჯდება, აშკარად ქალაქზე მიერთებული სოფლების ტერიტორიების გაყიდვის მიზნით განხორციელდა, აკი გაყიდეს კიდეც, მათ შორის უცხოელებზე. დაკანონებასაც აპირებდნენ, მაგრამ ამ პროცესის წარმართვა ვეღარ მოასწრეს.

ეს საკითხი გიგი უგულავას იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ბათუმის განვითარების იდეის ერთ-ერთი შემოქმედი `ნაცების~ მიერ ბათუმის მერად დანიშნული ირაკლი თავართქილაძე მისი მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ. ირაკლი თავართქილაძე და გიგი უგულავა ათენის სასულიერო სასწავლებელში ერთად სწავლობდნენ. ეს ის თავართქილაძეა, ბათუმელებს რომ განუცხადა, ბათუმის მერიაში 40 წელს გადაცილებული მუშაკი კი არა 40 წელს გადაცილებული ხეც არ მინდაო. საზოგადოებას ეს და ბევრი სხვა უკუღმართობა არ დავიწყებია.

– ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს დავუბრუნდეთ, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს მისი გადაწყვეტილება?

– საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასება ჩემს ფუნქციას სცილდება, მაგრამ აჭარის მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს, აქვე, ბათუმში მოღვაწე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი პაპუაშვილი რატომ არ დაინტერესდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 `თანაბრობის~ მუხლით მინიჭებული უფლებების მასობრივი დარღვევით. მაშინ, როცა მიწის რეფორმა კანონის შესაბამისად წარიმართა მთელ საქართველოში, კონსტიტუციის ამ მუხლით მინიჭებული უფლებით აჭარის მოსახლეობამ ვერ ისარგებლა. თავის მხრივ, ხელისუფლებაში მყოფმა `ნაციონალებმა~ აჭარის მოსახლეობა აბუჩად აიგდეს და მათზე კანონმდებლობითა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების აღსრულების ნაცვლად უკანონოდ, უნებართვოდ დაკავებული მიწები პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დააკანონეს, რითაც ამომრჩეველთა ერთი ნაწილის 2009 წლის 5 იანვრის არჩევნებში მოსყიდვა შეძლეს. უზნეობა იქამდე მივიდა, რომ საკუთრების მოწმობის დიდი ნაწილი, არჩევნების შემდეგ გააუქმეს ისე, არც კი გაითვალისწინეს, კანონს უკუმოქმედების ძალა რომ არ აქვს. კიდევ ბევრი თავგასულობის გახსენება შეიძლება, რომელიც არასდროს დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ისინი ვერ დაიცავენ, გამართლებას ვერ მისცემენ მათ მიერ ნორმად ქცეულ პროცსს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის 2007 წლის #525 ბრძანებულებით დაკანონებული უკანონობანი მიწის რეფორმის გზით გადაცემად ჩათვალეს. ეს რომ რეფორმას არ ნიშნავს, მოვა დრო და ვიღაცა ამასაც მოიკითხავს.

ჯანო ქობულაძე