მთავარი ინტერვიუ როცა ადამიანის ღირსებაზე ზრუნვა აბსურდამდე მიდის…

როცა ადამიანის ღირსებაზე ზრუნვა აბსურდამდე მიდის…

841
0

უსახლკარო პირთა და ოჯახთა  რაოდენობამ  საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, ბოლო წლებში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია… სწორედ ამან განაპირობა რეგიონში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, რომელსაც დამფუძნებლებმა ,,ფუხარას ხმა“ უწოდეს, მოძრაობის მიზანია აჭარაში არ გვყავდეს უსახლკარო ოჯახები. „ფუხარას ხმის“ შექმნის იდეაც და ინიციატივაც უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეს ეკუთვნის, როგორც ბატონი მერაბი ირწმუნება, დღესდღეობით საქართველოში ირღვევა კონსტიტუციის მე-5 მუხლი, სადაც გარკვევით წერია: „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე“ და ა.შ. თუ რა საქმიანობა გასწია აღნიშნულმა მოძრაობამ დაფუძნებიდან დღემდე, თავად მისი ლიდერისს, მერაბ ბლადაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

 ბატონო მერაბ, საკმაო დრო გავიდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ფუხარას ხმის“ შექმნიდან, როგორც ვიცით, იდეამ ბევრი მოქალაქე გააერთიანა, სად ხართ შეჩერებული?

  • ჩვენმა მოძრაობამ უკვე დათვალა და გააერთიანა არა ასობით, არამედ ათასობით ადამიანი თუ ოჯახი, რომელთაც საცხოვრისი არ გააჩნიათ, გვაქვს ისეთი ოჯახების სიაც, რომელთაც 2-3 ათეული წელია სახლი არ აქვთ.
  • მარტო სტატისტიკით შემოიფარგლეთ თუ ამ ოჯახების უფლებების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგით?
  • მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, მრავალჯერ მივმართეთ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს, მათ ვაცნობეთ არსებული მდგომარეობის შესახებ და ვთხოვდით რეაგირებას. არც ერთისგან დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია…
  • სახელისუფლებო რგოლების დუმილის მიუხედავად, როგორც ვიცით, თქვენ მუშაობა არ შეგიწყვეტიათ, გვახსოვს, აქციაც კი დააანონსეთ…
  • მართალი ბრძანდებით, თუმცა აქციებისა და რადიკალური ზომებისაგან მაქსიმალურად თავს ვიკავებთ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობას ვამჯობინებთ… შევხვდით აჭარის მაჟორიტარ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში, ბატონებს ზაალ მიქელაძესა და რესან კონცელიძეს, მათ გვაცნობეს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედებს კომისია, რომელიც განიხილავს უსახლკაროთა საკითხებს. ისევ მივმართეთ თხოვნით ბათუმის მერს, რათა მოეწოდებინა ჩვენთვის საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, ზემოხსენებული კომისიის შექმნის თარიღი; კომისიის შემადგენლობა, მათ შორის ხელმძღვანელი პირები; კომისიის მიერ განხილული უსახლკაროთა განცხადებების ჯამური რაოდენობა დღემდე, მათ შორის დაკმაყოფილებულ და დაუკმაყოფილებულ განცხადებათა რაოდენობა; კომისიის უახლოესი სხდომის თარიღი და დღის წესრიგი… გარდა ამისა, მერს დამატებით ვთხოვეთ ეშუამდგომლა ჩვენთვის კომისიაში ჩვენი წარმომადგენლის ჩართვის თაობაზე… ისევ, არავითარი პასუხი!
  • გამოდის, რომ ყველამ პირი შეკრა უსახლკარო მოქალაქეების წინააღმდეგ და მათი ბედი არც ერთ ჩინოვნიკს არ ადარდებს?
  • უნდა ითქვას, რომ ჩვენს შრომას უქმად მაინც არ ჩაუვლია. ეტყობა, დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს „საქმით ეპასუხათ“ ჩვენთვის. გვაცნობეს, რომ 2022 წლის ოქტომბერში, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მიიღებდნენ დადგენილებას „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ (სათაურიც მათ ეკუთვნით და გრამატიკული შეცდომებიც)… აღარ მოვყვები თუ როგორ ჩაიარა საკრებულოს სხდომამ და როგორ ერთხმად დაამტკიცეს ეს დადგენილება, რომ ერთი შეკითხვაც კი არ დასმულა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან, რომ არც წაუკითხავთ და ძირითადად ისმოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც საკრებულოსთან არავითარ კავშირში არ არის… რას ვიზამთ, ეტყობა ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობამ არც იცის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში არა პოლიტიკური, არამედ ქალაქისთვის საჭირო განცხადებები და  გადაწყვეტილებებია საჭირო.
  • და მაინც, იქნებ თვით დადგენილების შესახებაც გვითხრათ, რის გამო იწვევს ის თქვენსგან ასეთ კრიტიკას?
  • მსგავსი არაკომპეტენტური დადგენილება, მსგავსი აბსურდი, რაც ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ამ დადგენილებაში წერია, ჯერ არ შემხვდერია… უფრო მეტად გამიკვირდა ის, რომ ქ. ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელობს უსახლკაროთა და ეკომიგრანტთა საქმეების საუკეთესო მცოდნე ბატონი რამაზ ჯინჭარაძე და როგორ შეიძლება მას ეს დადგენილება მოწონებოდა ან განსახილველად გამოეტანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზედმეტად ენდო ვიღაცას. მაგალითისთვის მოვიყვან აღნიშნული დადგენილების რამდენიმე მუხლისა და პუნქტის მოკლე ანალიზს:

მუხლი 3. უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმები

  • პუნქტის გ) ქვეპუნქტი:  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება:
  • არ არის მკაფიოდ დაფიქსირებული რა უძრავ ნივთზეა საუბარი: მიწა, შენობა, სარდაფი..

ე) ქვეპუნქტი: შესაბამისი ორგანოების და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება პირის მხრიდან დამოუკიდებლად ბინის, ან სხვა ფართის ქირის (იჯარის), კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე, ბოლო 6 თვის განმავლობაში, უწყვეტად გადახდის ფაქტი..

  • ამ ქვეპუნქტში გაუგებარია რატომაა 6 თვე მითითებული და არა 4 ან 8 თვე… რას ეყრდნობა?!
  • ვ) ქვეპუნქტის აზრით ავტომობილის ყოლა (თუნდაც მინიმალური ფასის – ე.წ. „სატაქსაოდ“) – რატომღაც გულისხმობს უძრავი ქონების ანუ ბინის ფლობას..
  • ან რა ფასის ავტომობილის ფლობა იწვევს უსახლკაროს სტატუსის გაუქმებას? არ არის განმარტებული საერთოდ;
  • თ) ამ ქვეპუნქტის მიხედვით თუ მოქალაქე 24-საათზე მეტი ხნით კვეთავს საზრვარს, მას უსახლკაროს სტატუსი შეიძლება გაუუქმდეს. აჭარიდან ბევრი გადადის თურქეთში დღიურ სამუშაოებზე, ზოგიერთი უკან 2 ან 5 დღის მერე ბრუნდება (ან/და შაბათ-კვირას). რატომ უნდა გახდეს ეს მიზეზი უახლკაროს სტატუსის გაუქმებისა?
  • ასევე ამ დაგდენილებით ნათესავის სახლში, სამადლოდ დროებით შეკედლება რატომ იწვევს სტატუსის შეწყვეტას?
  • 4 მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ უსახლკაროს სტატუსის მინიჭების მერე სახელმწიფო, არანაირ ვალდებულებას არ იღებს თუნდაც ოდესმე, უსალკაროს საცხოვრისის დაკმაყოფილების შესახებ. მაშინ გაუგებარია დადგნილებას რატომ ვიღებთ? მითუმეტეს თუ არაა განსაზღვრული, და მკაფიოდ გაწერილი არ აქვს მას მიზანი.

ეს არის ე.წ. ,,დადგენილების“ მცირე ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში არავითარი  კომისია არ მოქმედებს, რომელმაც უნდა  განიხილოს უსახლკაროთა  საკითხები ან ფიქტიურად არსებობს ფურცელზე. ზემოთ აღნიშნული ტექსტი გადმოკოპირებულია საიდანღაც მცირე შესწორებით…  ტექსტში  უამრავი გრამატიკული შეცდომაა და მართწერის აშკარა პრობლემა აქვს ტექსტის გადმომკოპირებელს…

ესაუბრა ჯიმშერ ასლანიძე