მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი წინასაარჩევნო სკანდალი ჩაქვში ანუ ვინ უტეხს სახელს „ქართულ ოცნებას?!“

წინასაარჩევნო სკანდალი ჩაქვში ანუ ვინ უტეხს სახელს „ქართულ ოცნებას?!“

2738
0

„რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“… ასე იწყებს „კაცია, ადამიანს“ დიდი ილია, ჩვენც ასე დავიწყოთ… თუმცა კაცობასა და ადამიანობაზე საუბარს ამჯერად არ ვაპირებთ, ეს ცოტა რთული თემაა და სამომავლოდ გადავდოთ…

ბოლო ორი დღეა რედაქციაში ზარები არ წყდება, რეკავენ ჩაქვიდან აღშფოთებული მშობლები და რეაგირებას მოითხოვენ, საქმე ეხება პარტია “ქართული ოცნების” ჩაქვის მაჟორიტარ კანდიდატს ალექსანდრე ხიდაშელს, რომელმაც არჩევნების მოგება ბავშვების პოლიტიზირების ხარჯზე ერთობ „ორიგინალური“ სარეკლამო კამპანიით გადაწყვიტა…

ცნობისათვის: ხიდაშელი გახლავთ ჩაქვის #1 საჯარო სკოლის მოიჯარე (და არა პედაგოგი) ქორეოგრაფი, რამდენიმე წლის წინ სკოლის ყოფილი დირექტორის ტარიელ ქათამაძის უშუალო მხარდაჭერით აღორძინდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოჰოი ნანა“, მოსწავლეები, რომლებიც ქორეოგრაფიის ხელოვნებას ეუფლებიან მასთან, ამაში რა თქმა უნდა, ყოველთვიურად სოლიდურ თანხასაც იხდიან…

მოკკლედ, სატელეფონო ზარების ავტორთა განმარტებით, დეპუტატობის კანდიდატმა ქორეოგრაფმა მოსწავლეებს  სოციალურ ჯგუფში დაავალა, რომ მასთან გადაღებული სურათები დაედოთ, ერთი და იმავე ტექსტით: „ძალიან გვიყვარხართ და ყველა ჩვენგანის მშობლები თქვენ და პარტია „ოცნებას“ უჭერენ მხარსო“ (თუ მასთან სურათები არ ჰქონდათ გადაღებული, პარტიული ბოსების პორტრეტები გამოეფინათ)…

ამ ნაძალადევად დაწერილმა პოსტებმა მშობლებში დიდი უხერხულობა გამოიწვია…

-„ის, რაც ამ კაცმა იკადრა, სირცხვილია და არა მგონია ამ იაფფასიანი სამარცხვინო პოსტებით აფასებდნენ ჩაქველები დეპუტატობის კანდიდატის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას“-განაცხადა ერთ ერთმა მშობელმა და დასძინა, რომ ასევე სამარცხვინოა ქორეოგრაფის მიერ პოლიტიკურ ბატალიებში სრულიად მცირეწლოვანი ბავშვების გამოყენება.

როგორც ცნობილია, ჩაქვის ზონაში პარტიიდან „საქართველოსთვის“ ხიდაშელის კონკურენტია სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ ქათამაძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის სკოლაში არსებული სააქტო დარბაზის მოწყობაში, მუსიკალური ინსტრუმენტების, ავეჯისა და მოცეკვავეებისთვის საცეკვაო სამოსების შეძენაში, რომლითაც ასე იწონებს თავს ქორეოგრაფი ალექსანდრე ხიდაშელი.

ჩვენი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ტარიელ ქათამაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ის მხოლოდ ორიოდ სიტყვით შემოიფარგლა: „უმადურობაზე რა კომენტარი შეიძლება გააკეთო? ხალხი ბრძენია, შესაბამისად, ჩაქველი ამომრჩეველი ღირსეულად შეაფასებს ყოველივეს და სათანადო ანალიზის შემდეგ სწორი არჩევანით გამოუტანს ვერდიქტს ყველა ბედის მაძიებელს!“- აღნიშნა ქათამაძემ.

-„მას საიმისო არც განათლება აქვს და არც შეგნება, რომ თავისით მიხვდეს, ამიტომ იქნებ ვინმემ ურჩიოთ ქორეოგრაფს, რომ არაა ლამაზი სკოლის ყოფილ დირექტორს ასე ბინძურად დაუპირისპირო მოსწავლეები და მათი მშობლები, სწორედ ასეთი უვიცები უბღალავენ სახელს მმართველ პარტიას და დამარცხებისთვის სწირავენ“ – გვითხრა კიდევ ერთმა მშობელმა და სატელეფონო ზარი  ასეთ მხიარულ ნოტაზე დაასრულა: -„ისიც აუხსენით ხიდაშელს, რომ საკრებულო და პოლიტიკის კეთება – ბავშვების კეთება არ არის, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ სამი ტყუპის მამობა არ არის საკმარისი არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად“…

ჯონი მაკარაძე