სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარისტასთან” თანამშრომლობით, ბათუმში რიგით მეორე მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.
ოფიციალური გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, ლელა სურმანიძესთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, მედიცინის სფეროს და სოციალური დაცვის მიმართულების სხვა წარმომადგენლები.
მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შექმნა, ასევე მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
საოჯახო ტიპის სახლი უზრუნველყოფს 9 ბავშვს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი, ყოველდღიური ზრუნვით, განათლებისა და განვითარების ხელშეწყობით, ასევე სოციალური და სხვა საჭირო სერვისებით. ახალი სახლის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვებზე ზრუნვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.







