მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა, #123 მარშრუტის: ბათუმი – ქობულეთის ბოლო გაჩერება ქობულეთში, დავით აღმაშენებელის გამზირის #430-დან ქალაქის ბოლოს, #820 – თან გადაეტანათ, მრავალრიცხოვანი საზოგადოების სამართლიანი შენიშვნიდან გამომდინარე, მარშრუტის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა, ამით ფიჭვნარის მოსახლეობას მართლაც „საუკუნის პრობლემა“ გადაუწყვიტა. სიახლე განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის ბათუმიდან ქობულეთში მომავალ იმ მგზავრებს, რომლებიც ქალაქის მეორე ნაწილისკენ გადაადგილდებიან, მათ ტრანსპორტის გამოცვლა ან დარჩენილი გზის ფეხით გაგრძელება განსაკუთრებით ღამის საათებში, აღარ დაჭირდებათ, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთრის პერიოდში ამ მონაკვეთზე გადაადგილება ძალიან ჭირს საქალაქო ტრანსპორტის სიმცირის გამო.
ამ სასიკეთო და სასიხარულო გადაწყვეტილებას პირველი წუთებიდანვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები, ქალაქის #1 კერძო მარშრუტზე მოძრავი ათამდე მძღოლი, რომლებიც კონკურენციის შიშით, კოლეგების მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს აპროტესტებენ და სიახლეს ხელს უშლიან. მათი ვიწრო ინტერესების გამო, 14 სექტემბრიდან დაგეგმილი რეისები აღმაშენებელის #820-მდე ვეღარ შესრულდა, რითაც ასეულობით მოქალაქის ინტერესი ფეხქვეშ გაითელა…
როგორც შპს „ხუტას“ დირექტორი რეზო ხინიკაძე ამბობს, „#123 მარშრუტის არც ერთი მძღოლი არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ საქალაქო ტრანსპრტს მგზავრი წაართვას, ამიტომ სიახლეს ვერავინ შეაჩერებს და ის ადრე თუ გვიან მაინც დაინერგება… ეს ყველაფერი ჩვენი მძღოლებისთვის შესაძლოა ზედმეტი ტვირთიცაა, მაგრამ ამ გაძვირებულ პირობებში, ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიანთი მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად“ – დასძენს რეზო ხინიკაძე.
P.S. როგორც შპს „ხუტას“ ხელმძღვანელობა იუწყება, 1 ლარით გაიზარდა #123 მარშრუტზე მგზავრობა, რაც საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ გამოიწვია. 15 სექტემბრიდან აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა 3 ლარის ნაცვლად, 4 ლარი დაგიჯდებათ. ვიდრე საკურორტო სეზონი ძალაშია, ხაზზე გადაადგილება ღამის 12 საათამდეა შესაძლებელი, არასეზონურ პერიოდში კი მიკროავტობუსები 22 საათამდე იმოძრავებენ.







