საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.
„სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
„ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, არ ვიქნებით წინააღმდეგი, ეს მექანიზმი გამოიყენოს სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. კერძოდ, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააკაშვილს შეფარდებული აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.