არჩევნების სამართლიანობის უმთავრესი პირობა ინფორმირებული ამომრჩეველია, ხოლო ინფორმაცია განსაკუთრებით ფასდაუდებელია მაშინ, როცა პოლიტიკური სპექტრს არჩევნების წინ ისეთი პოლიტიკური სუბიექტები ემატება, რომლის მიმართაც დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, ასეთი კი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახლავთ ექსპრემიერის პარტია „საქართველოსთვის“. გთავაზობთ ინტერვიუს პარტიის ძველი ბათუმისა და რუსთაველის უბნების საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით თავართქილაძესთან.
- ბატონო დავით თქვენ არასდროს ჩართულხართ პოლიტიკურ საქმიანობაში, რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი?
- იდეაში ყველაფერი მარტივადაა, თუმცა სანამ უშუალოდ გადავწყვეტდი პოლიტიკურ აქტიურობას, ბევრი ვიფიქრე. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება – არჩევანი უნდა გამეკეთებინა კომფორტის ზონასა და ახალ რეალობას შორის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და ჩემი ქალაქის მომავალს, დაუფიქრებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. დღეს სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე, ვთვლი, რომ საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯებით მივიდეთ სანატრელი საქართველოს აწმყომდე. მე ორი შვილის მამა ვარ და არ მინდა, რომ ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ნეპოტიზმი და კორუფცია მძვინვარებს. დღეს კი მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი ვარ, რომელიც გაერთიანებულია მხოლოდ და მხოლოდ საწართველოსთვის და არავის წინააღმდეგ.
- თქვენ ხართ ძველი ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“, რას ფიქრობთ, როგორი განწყობაა საზოგადოებაში თქვენს და პარტიის მიმართ?
- ვფიქრობ რომ ამ კითხვაზე ჩემი აზრი არაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, პირიქით ჩემმა ვარაუდებმა შეიძლება ვიღაცაზე იმოქმედოს და რაღაც მცდარი ილუზიები შექმნას… ამ შემთხვევაში ტრიბუნას სრულიად მოქალაქეებს ვუთმობ. მათ განწყობებსა და შეხედულებებს სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ. ერთი კი ფაქტია, ვისაც ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს, მარტივად ხვდება, რომ ცვლილებების დროა. აი რომ იტყვიან თითო-ოროლა დავრჩით და იმის მაგივრად რომ ერთად დავდგეთ ერთი დედის – სამშობლოს გადარჩენის მიზნით, პირიქით, დროის არსსმოკლრებულნი ლანძღვა-გინებით ვიკლებთ ერთმანეთს… ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი რომელ მხარეს აირჩევს, ეს, ვიმეორებ, მათი ნებაა და პირადად მე მათ აზრს პატივს ვცემ. ყოველდღიურ რეჟიმში კარდაკარ დავდივარ და ერთს გეტყვით მხოლოდ ხალხი ელოდება ცვლილებებს, ხალხი ელოდება ახალ ძალას და ახალ შესაძლებლობებს.
- როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ ფონს?
- სრული ჭაობია… ჭაობი, რომლის სადავეებთანაც თვითგადარჩენის ინსტიქტით შეიარაღებული ვაიპოლიტიკოსები დგანან. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ასაზრდოვებს და ამ ფონზე ქართველი ხალხი იჩაგრება. დავდივარ კარდაკარ და ხალხის თვალებში ვხედავ უიმედობას, მათ დაკარგული აქვთ ყველანაირი იმედი, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი არის ზუსტად ის ახალი ძალა, რომელიც იქნება მხოლოდ საქართველოსთვის და მხოლოდ ქართველი ხალხისთვის.
ჯიმშერ ასლანიძე