უაზრო ამბავია ატეხილი ისტორიის ახალ სახელმძღვანელოზე. გასაგებია, უშეცდომო და უნაკლო წიგნი არ არსებობს, მაგრამ ზედაპირულად რაც ვნახე, ახალი სახელმძღვანელო თავის წინამორბედებს ნამდვილად სჯობნის.
მთავარი პრობლემა აქ არა კონკრეტულ გვერდებში, არამედ სისტემაშია. დიდ პატივს ვცემ ავტორებს, მათ მართლაც უზარმაზარი შრომა ჩადეს, მაგრამ შევხედოთ რეალობას:
1. ვადები: 3-4 თვეში აცხადებ კონკურსს სახელმძღვანელოს დაწერაზე და ამაზე ხმას არავინ იღებს! ასეთ მოკლე დროში ნორმალური წიგნი როგორ უნდა დაიწეროს? ნორმალურ ქვეყნებში ამ პროცესს 2.5-დან 5 წლამდე უთმობენ.
2. ინსტიტუციური ჩართულობა: მარტო დროც არ არის საკმარისი. დღეს როგორ ხდება? ავტორი წერს, კომისია აფასებს (დადებითად ან უარყოფითად) და პროცესი სრულდება. ეს არის სისტემის მხრიდან უკიდურესი უპასუხისმგებლობა.
როგორ უნდა იყოს?
განვითარებულ ქვეყნებში სახელმძღვანელოს შექმნა მთელი პროცესია. მასში ჩართული უნდა იყოს ინსტიტუციები: მეცნიერებათა აკადემია, პედაგოგიური ინსტიტუტი, ფსიქოლოგიური კვლევითი ცენტრები.
ავტორები წერენ თავებს და აგზავნიან ინსტიტუტებში, იღებენ შენიშვნებს, ასწორებენ და იხვეწებიან. პრობლემური და სადავო საკითხები წყდება შიდა აკადემიურ სივრცეში და არა ფეისბუქ-კრიტიკით. შედეგად ვიღებთ პედაგოგიურად გამართულ, აკადემიურად დახვეწილ და დღევანდელ “გაჯეტიზირებულ” თაობაზე მორგებულ პროდუქტს.
დღეს კი ვიღებთ მცირე დროში დაწერილ წიგნს, რომელსაც მერე მოჰყვება სუფთა პოლიტიკური ან პირადი ინტერესებით გამოწვეული კრიტიკა (ზოგს უბრალოდ ავტორები არ მოსწონს). სისტემურ ხარვეზზე კი არავინ ლაპარაკობს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა ავტორებს. მათ არსებულ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს. მაგრამ თუ ჩვენ თვისობრივად უკეთესი განათლება გვინდა, უნდა დავსვათ მთავარი კითხვა: გვაძლევს თუ არა არსებული სისტემა მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის საშუალებას? პასუხია, არა!
ამიტომ, კრიტიკის ისრები ავტორებისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ ჩვენი მთავარი მოთხოვნა უნდა გახდეს კონკურსის ჩატარებისა და სახელმძღვანელოების შექმნის წესის რადიკალური ცვლილება. სახელმძღვანელო უნდა იყოს ინსტიტუციური პროდუქტი და არა მხოლოდ ცალკეული ავტორების ნაშრომი.







