8-25 მაისს საქართველოში „ევროპის დღეები“ აღინიშნება. ევროპის დღეებს აჭარის რეგიონიც შეუერთდა, ის მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა აჭარის მაღალმთიანეთში. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით საქართველოში ევროპის დღეების დეკადას ხულოც შეუერთდა, სადაც ნამდვილი სახალხო ზეიმი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულება ში მოეწყო 9 სახეობის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება. ევროპის დღეები ულამაზესი კულტურული პროგრამით აღნიშნა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,არგინეთმა” და მუსიკალურმა ჯგუფებმა. კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა
ინტელექტუალური თამაშები ,,რა? სად? როდის?“ საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში. სასპორტო სკოლაში მოეწყო ტურნირი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში. თეატრონის სპორტულ დარბაზში გაიმართა შეჯიბრი შაშში. სახელოვნებო სკოლაში, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და თეატრის გარე ფასადზე მოეწყო ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო სამხატვრო გალერეაში გამოიფინა ,,ზემო აჭარის“
მხატვრების თანამედროვე ნამუშევრები. სახალხო ზეიმი მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ღონისძიებების დასასრულს მოეწყო გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, სერტიფიკატები, თასები და მედლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ, გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გადასცეს.