მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ვინ და რატომ ემუქრება ჩაქვის #1 საჯარო სკოლის დირექტორს?! სკანდალის ახალი...

ვინ და რატომ ემუქრება ჩაქვის #1 საჯარო სკოლის დირექტორს?! სკანდალის ახალი დეტალები

529
0

 

„ჩემო მეგობრებო, გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს… (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში).
ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია…
ვაი და ვუი იმას, ვინც ჭორებს აყოლილა და თან მაღალ თანამდებობაზე ყოფნაც მონდომებია. არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებ. არაკაცებისა და კაცუნების არასდროს შემშინებია. არც ჩემი თანამდებობის გამო ვყოფილვარ არასდროს სირაქლემის პოზაში და არც მომავალში ვაპირებ… (სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით მემუქრებიან, სასაცილოა!!!).
საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, ეს ეხებათ იმ პატარა ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჩვევიათ მათი უფროსების გასახარად მაამებლური საქმეების კეთება. გრცხვენოდეთ!!! დაწვრილებით თუ ვის ეხება ჩემი გაფრთხილება უახლოეს პერიოდში საჯაროდ გამოვაქვეყნებ! თქვენი მუქარისა და მტრობის არ მეშინია!!! ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ვინც ანალოგიურად ჩემს მდგომარეობაშია სასწრაფოდ შემეხმიანეთ“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ამ ორიოდ დღის წინ ჩაქვის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ, რასაც საზოგადოების მხრიდან არნახული გამოხმაურება მოჰყვა. დირექტორის საჯარო განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც წერს: „გამარჯობა ბატონო ტარიელ. ძალიან მაინტერესებს ვინ არის ეგ მაღალჩინოსანი. იქნებ გვითხრათ ვინაობა და გაძლევთ პირობას დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად იქნება რეაგირება. მე ვარ „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში და შტაბი ასეთ დავალებებს არ აძლევს მაღალჩინოსნებს. თუ ვინმე თვითნებობს, მინდა ვიცოდე ვინ არის. სხვა შემთხვევაში არა მგონია მართებული იყოს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება.

„აჭარა P.S.“ თავად ტარიელ ქათამაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი მუქარის ქვეშ არა მარტო თვითონ, თავისი მეუღლე – ჩაქვის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი გიული დავითაძეც აღმოჩნდა, როგორც ტარიელ ქათამაძე ამბობს, მუქარას არაფრად ჩათვლიდა, რომ არა აღნიშნული ჩინოვნიკების შორს წასული თავხედობა, რაც სხვა დირექტორებისადმი მუქარაშიც გამოიხატება. – უკვე შედგა საუბარი „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელებთან, მე მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე დეტლური ინფორმაცია მომხდარისა და იმ ჩინოვნიკების შესახებ, ვინც პირადი მტრობა გამომიცხადა და ველოდები რეაგირებას, დავპირდი მათ, რომ თუ კი რეაგირება არ იქნება, ამ ადამიანების სახელ-გვარებს აუცილებლად გავასაჯაროებ, ამჟამად კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მუქარა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატობის ერთ ერთი მაჟორიტარი კანდიდატისაგან წამოვიდა, რაც მისმა მეგვარემ, ქობულეთის ერთ ერთი უწყების ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამობარებულ ჩემს მეუღლეს გააცნო და უთხრა: – დღეიდან ორთავე ჩვენი დაუძინებელი მტრები არიან და მალე დატოვებთ თანამდებობებსო“- აცხადებს ტარიელ ქათამაძე.

აქვე გაგაცნობთ რამდენიმე პოსტს, რომლებსაც ტარიელ ქათამაძის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები აქვეყნებენ:

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე: კარგი იქნება, მაგ მაღალჩინოსანს საჯაროდ თუ გამოააშკარავებთ, იქნებ ჭკუა ისწავლოს სამომავლოდ. ჩაიწერეთ ნებისმიერი,,მუქარა” თუ ,,შეფარული მუქარა” და ჩანაწერი გამოიყენეთ როგორც მტკიცებულება… კარგია პოზიციას ხმამაღლა რომ აფიქსირებთ. ბევრი საჯარო მოხელეა მსგავს მდგომარეობაში და დუმილს ამჯობინებს.

არჩილ ხახუტაიშვილი: გაგვანდე მაგ მაღალჩინოსნის სახელ-გვარი! განსაკუთრებული ,,დამოკიდებულება” მაქვს იმ თანამდებობის პირების მიმართ, ვინც სკოლას და სკოლის დირექტორს, პოლიტიკას და თავის ფუნქციებს ვერ მიჯნავს ერთმანეთისაგან.

P.S. მომხდარს ასევე გამოეხმაურა საქართველოს ანტიკორუფციული პალატა, რომლის თავმჯდომარის პაატა შავაძის განცხადებით – ამ ე/წ მომავალი მაღალჩინოსნის ვინაობა ოპერატიულად დადგინდა და მკაცრად გაფრთხილდა კიდეც, რომ მაჟორიტარობის კანდიდატობასაც გამოემშვიდობება სამუდამოდ და სხვა სიკეთეებსაც.
– დამთავრდა ეგ გაუგებრობები, ასე რომ, დამშვიდდით და მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა ყველას! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ჭეიშვილს! ჭკუით იყოს ყველა და თანამდებობა ნურავის აუვარდება თავში, „ნაცების“ მეთოდებით მართალ და წესიერ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევის ხანა ჩვენ 2012 წლის მიწურულს დავასრულეთ და თუკი მსგავსი შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იმ უბადრუკ ადამიანს ფოტოთი ვამხელთ – აცხადებს პაატა შავაძე.