მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის ტელევიზია 35 წლისაა!

აჭარის ტელევიზია 35 წლისაა!

1069
0

ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი! 1987 წლის 4 ნოემბერი – რეგიონული ტელემაუწყებლობის დასაწყისი აჭარაში და 35 წელი ტელეეთერში… აჭარის ტელევიზია იუბილარია!

როგორ იქმნებოდა ტელევიზია და რა გზა გამოიარა მან 35 წლიან ქარ-ტეხილებით სავსე ეპოქაში? მოგონებები და ფიქრები წარსულსა და დღევანდელობაზე – ეს იყო მთავარი თემა ტელეკომპანია ტვ12-ის ეთერში, 4 ნოემბერს გასული საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამისა „მედიატორი“ – ჯემალ მეგრელიძესთან ერთად, რომლის სტუმრებიც გახლდათ აჭარის ტელევიზიის პირველი თაობის წარმომადგენლები – ყოფილი მთავარი რედაქტორი ლევან გობრონიძე, ყოფილი დირექტორი ამირან კიღურაძე და ყოფილი ოპერატორი სეირან ბაროიანი.

გადაცემის სტუმრებმა აჭარის ტელევიზიის პირველი ნაბიჯები, მაყურებელთან პირველ ეთერში შეხვედრის ემოცია და ის ტექნიკური სიძნელეები გაიხსენეს, რაც რეგიონში ტელემაუწყებლობის დაბადებას ახლდა თან. ჩვენს კოლეგებს არც ის პირველი თაობის ტელევიზიელები დავიწყებიათ, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ცოცხლები აღარ არიან, თუმცა ოქროს ასოებით ჩაეწერნენ არა მარტო ტელევიზიის, არამედ რეგიონის ისტორიაში.

გადაცემაში გამოყენებული იყო ისტორიული კადრები ლალი ბერძენიშვილის საავტორო ფილმიდან „ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი!“, რამაც კიდევ უფრო მეტი ემოცია შესძინა დიალოგს.

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“ უერთდება ყველა იმ მილოცვას, რომელსაც ჩვენი კოლეგები ტელევიზიის საიუბილეო დღეებში იღებენ და ჯანმრთელობასთან ერთად პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ!