მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

ბათუმში სამუშაო ვიზიტით ფიდეს დელეგაცია იმყოფება

137
0

2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს. ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის სასახლის მიმდინარე მშენებლობა, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება. დღესვე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფიდეს დელეგაციის ოფიციალურ წევრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მოსამზადებელი სამუშაოები სწორი განრიგით მიმდინარეობს. ერთადერთი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დამატებითი შენობის მშენებლობის საკითხი. თუმცა შეხვედრაზე განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოესწრება. ჩვენ მარტში ისევ ჩამოვალთ, რათა მოსამზადებელ სამუშაოებს გავეცნოთ” – აღნიშნა სამუშაო შეხვედრის შემდეგ ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ლოჯისტიკურ-ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალი, ასევე დამატებითი დარბაზის მშენებლობის საკითხი. ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად მიიჩნევს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლის მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა, მიმდინარეობს მე-3 დარბაზის მშენებლობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება. მისი თქმით, ცენტრალური და რეგიონული მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.