მთავარი ინტერვიუ ვის შეიძლება ჰქონდეს ნატოს იმედი ანუ რატომ ვერ მიგვიყვანს ტაძრამდე მიშას გზა?!.

ვის შეიძლება ჰქონდეს ნატოს იმედი ანუ რატომ ვერ მიგვიყვანს ტაძრამდე მიშას გზა?!.

2379
0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს ნატოშიგაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა. სიტუაცია ძალზედ დაძაბულია; საერთოდ, რამდენად საჭიროა ეს ნატო, რამდენად რეალურია გაწევრიანება და რისი მომტანია ის საქართველოსთვის? იქნებ ომიც დაიწყოს! მერედა, რუსეთის ულტიმატუმს რით უნდა უპასუხოს საქართველომ? – აი, ამ კითხვებზე ვცადეთ პასუხების მიღება პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილისგან, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში დროული, საჭირო და სწორი ანალიზითა თუ პროგნოზებით გამოირჩევა ხოლმე.

  • ეს ის კვანძია, რომელიც თუ არ გავხსენით დროზე, დაახრჩობს საქართველოს. ჩვენს ადეკვატურ რეაქციებზეა ახლა დამოკიდებული იმ მოჯადოვებული წრიდან გამოსვლა, რომელშიც დეკადებია ვიმყოფებით დოქტრინიორი და გრანტებზე გაყიდული პოლიტიკანების გამოისობით. არ მინდა მარჩიელობა, რადგანაც ასეთ სიტუაციებში საჯარო განცხადებები აისბერგის მწვერვალია მხოლოდ და ძირითადი საკითხების გარჩევა კულუარებში მიმდინარეობს. შესაბამისად, ნებისმიერი ანალიზიც ვარაუდზე იქნება დაფუძნებული. ერთიღა ნათელია ჯერ-ჯერობით – რუსეთი აღარაა 90-ანი წლების გარდამავალი წყობის „ბენზინგასამართი სადგური“. სუპერსახელმწიფოა და ნაციონალური ინეტერესები გააჩნია. რომლის დაცვისთვის, ის ყველაფერზე წამსვლელია. ვინც გარკვეულია მსოფლიო და რუსეთის ისტორიაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა რუსის ფსიქოტიპთან და კულტურასთან შეხება, იცის, რომ არ არიან ისინი ბუნებით ვაჭრუკანები. როდესაც დერჟავის ღირსებას ეხება საკითხი, ერთვებათ „торг неуместен“, მათი განუყოფელი კულტურული კოდი. მესამე მსოფლიო ომსაც კი წამოიწყებენ, რომ საქმეს და ღირსების შენარჩუნებას დაჭირდეს. სწორად გამიგეთ, არანაირად არ ვამართლებ რუსულ იმპერიალისტურ ამბიციებს. უბრალოდ ვცდილობ, სხვასაც გავაგებინო მათი ბუნება და მოქმედებების ლოგიკა. იმასაც, რომ არაა ეს უნიკალური და სხვა ზესახლმწიფოებსაც იგივე ამოძრავებს ხოლმე. უბრალოდ სხვა ფორმებით. ჩვენ კი, როგორც ინსტრუმენტი, რუსთან საცივილიზაციო დაპირისპირებაში ვჭირდებით ე.წ. მეგობარ ქვეყნებს. იყო ასე და მომავალშიც იქნება! რასაც არ უნდა ასწავლიდნენ დღეს ნეტარი, „გამოსოროსებული“ ლექტორ-პრო(ფფ)ესურა, ნეოლიბერალური მიდგომებით გაჟღენთილ ქართულ ინსტიტუტებში. ესაა რეალობა! ის კი, რასაც სოროსის ინკუბატორში გამოჩეკილი ექსპერტებისა და ჟურნალისტების ლეგიონი ქადაგებს, საინფორმაციო ხმაურია, ჭორიკნობა და სპეკულაციები, ფარატინა ქაღალდზე დატანილი ფასეულობების ირგვლივ. რომლებსაც რეალპოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ და რის გამოც, საქართველო ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს. თავად იმ ქვეყნებშიც კი, საიდანაც ჩვენში გავრცელდა ეს „თალმუდი“, ღიმილს იწვევს მხოლოდ სერიოზულ ხალხში. ვგავართ რა იმ აღტკინებულ პიონერებს საბჭოური ეპოქიდან, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ ყველაფრის, რაც კი „კომუნისტურ მანიფესტში“ ეწერა და გაქექილ კომუნისტებს, სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. ამიტომაც ვერ იაზრებენ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა და ბაქი-ბუქობენ. ეს არაფერი, თეორიულ ნიადაგს რომ არ უქმნიდნენ ამით, ისეთ გროტესკულ პერსონაჟებს, როგორიც გირჩის მრევლია მაგალითად, ქაცარავა, ვაჟა-ექიმი, ჰიპერვესტერნიზირებული თინეიჯერობა and so on. ცალკე აღებულნი სასაციოლოები არიან კიდეც, მაგრამ განაზოგადეთ ისინი „მიმებად“, კულტურულ-ისტორიულ ერთეულებად და მიხვდებით, რომ საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. მოდელირებაც კი მზარავს იმისა, თუ რა ბედი ელის საქართველოს, სააკაშვილისეული ხაზის გაგრძელების შემთვევაში.
  • არა და, ყველა გზა აქეთკენ მიყავთ… ესე იგი, წასულია ჩვენი საქმე ხელიდან და სანუგეშოს ვერაფერს გვეტყვით…
  • მანუგეშებს ის რომ, როგორც წესი, მხარეები აღწევენ ასეთ დროს შეთანხმებას. ეს, როდესაც დიდი ფსონებია და მოთამაშეების უკან სხვა მრავალი ფინანსური დაჯგუფება ან ქვეყანა დგას. ვგონებ, არავინ მიიყვანს საქმეს მესამე მსოფლიო ომამდე-თქო, არც უკრაინის და არც საქართველოს გამო. რომ რამე, თხასავით გაგვყიდიან და ეგაა, თუ უკვე არ ვართ გაყიდულნი. ამას, რაც უფრო მალე გავითავისებთ, მით უკეთესი იქნება. რადგანაც, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოვალთ ამ ინფანტილიზმიდან, სიმართლესაც შევხედავთ თვალებში და ახალი რეალობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. მერედა, სანამ კიდევ გვაქვს კოზირები რუსეთთან მიმართებაში, უნდა ვიმოქმედოთ დროზე, რადგანაც დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ასევე, უნდა ველაპარაკოთ ღიად, შუამავლების გარეშე ნებისმიერ საკითხზე, რაციონალურად და არა ენისმოჩლექით, სირაქლემას პოზაში თუ „ენჯეოშნიკური“ ტერმინოლოგიით. გვყავს ჩვენ მაგ კლასის დიპლომატები. უბრლოდ მათი ადგილები უკავიათ სხვებს, ალასანიას გუნდის ნარჩენებს და სხვა „მიშისტურ“, მიმიკრირებულ ელემენტებს საგარეო უწყებაში. რომლებთანაც რუსი უბრალოდ არ ილაპარაკებს „без дураков“. შესაცვლელია საგარეო უწყებაში მმართველი გუნდი აუცილებლად-მეთქი; რადგანაც არ შეიძლება ასეთ რთულ ვითარებაში სუსტი, პათოლოგიური რუსოფობი და დოგმატიკოსი, ყველაფერთან ერთად „მიშისტი“ უსახური სახეები წარმოგადგენდნენ საგარეო ასპარეზე.

მიამიტი არ ვარ, შესაბამისი გამოცდილება და ცოდნაც მაქვს. მესმის ისიც, თუ რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული; სწორი საინფორმაციო პოლიტიკა უნდა წარმართოს მმართველმა გუნდა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმისას, ისეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ვერ შეძლოს პოპულისტური შეძახილებით, საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ შემოიბრუნოს. ამას ემატება ისიც, რომ სამწუხაროდ „ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ნაკლებ ყურადღებას  ანიჭებდა პიარს და მედიას. კი ბატონო, კანტი-კუნტად გააჩნია კიდეც რაღაც არხები და ლოიალური ჟურნალისტები, თუმცაღა „მიშისტური“ მედიასივრცე აშკარად დომინირებს მათზე. ეს კი თავის მხრივ, ხდება იმიტომ, რომ დიდწილად ივანიშვილის და მისი უახლოესი წრის ავტორიტეტზე ჩამოკიდებული, ფართო ფენებისთვის უცნობი ხალხია „ოცნებაში“ მოსული სავაჭრო, ფინანსურ-საბანკო სექტორიდან, რომლებსაც თორმეტამდე პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არ ჰქონდათ და ერთეულების გარდა მანდ, ეტყობა კარგად ვერ აცნობიერებენ ინფორმაცული ომების მნიშვნელობას. ანდა სულაც სიტუაციურად არიან „ოცნებაში“ და კორპორატიული ინტერესი ნაკლებად ადარდებთ. იმ იმედით, რომ ივანიშვილი ბოლო-ბოლო მაინც რამეს მოიფიქრებს – აქედან, პროაქტიულობის ნაცვლად ეს უინიციატივობა, ინფანტილიზმი და ინერცია! არადა, ფართო საზოგადობრივი კონსენსუსის გარეშე, ასეთი ნაბიჯი არ გადაიდგმება. ლამის, მოჯადოვებული წრეა; საზოგადოების მიერ, ასეთი თამამი ნაბიჯის აღქმაზე მისი პოლიტიკური კულტურა და ისტორია ახდენს გავლენას, რომლის დისკურსს, მედია აკონტროლებს. მედია კი „მიშისტების“ კონტროლის ქვეშაა. ჭაობია! შეხედეთ ქართველ ფინაჩ ექსპერტთა 99 პროცენტს, მათი გამართლებული პროგნოზი არავის ახსოვს, მაგრამ მაინც მათთან მიდის „მიშისტი“ ჟურნალისტი. ანდა ყველაფერში გასვრილმა მეძავმა ქართველმა პოლიტიკოსებმა რა ახალი პარადიგმა უნდა შესთავაზონ ერს და მაინც, მხოლოდ ისინი ტრიალებენ „მიშისტურ“ ტელეკრანებზე. ორკაციან პარტიებსაც გადახედეთ – ვინ ჩანს 24 საათი, რას აჟღერებენ, რა სისულელეებს აანონსებენ ხოლმე, რა კრეტინულ პროგნოზებს იძლევიან?!. გადახედეთ ასევე, საქართველოს ბოლო 200-წლიანი ისტორიის ინტერპრეტაციას ჩვენს სკოლებში, მედიაში, ამ კონტინგენტის მიერ და თვალნათლივ დაინახავთ თავად, თუ რაა ამ მიმართულებით სინამდვილეში გასაკეთებელი. რეალური სურათი უნდა დავინახოთ-თქო ხალხს და მისტიფიკაციებისგან გავათავისუფლოთ ისტორია. მაგრამ, მუშაობს კი ვინმე ამ საზოგადოების ტრანსფორმაციის მექანიზმების შემუშავება-ამუშავების კუთხით? ვეჭვობ, ყველაფერი იმდენად მიშვებულია, რომ ამის სპეციალისტებიც კი არ ჰყავთ იმ უწყებებში, რომლებიც დღედაღამ უნდა იყვნენ ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხეების გადაჭრით დაკავებული. ამ დროს კი „მიშისტები“ და მათთან აფილირებული ინსტიტუტები, საელჩოები და მედია წვეთი წყლის სიჯიუტით აკეთებენ ოპოზიციიდან იმას, რასაც „ოცნება“ უბრალოდ არ აქცევს ყურედღებას და რაც სინამდვილეში  მთავარია, სახელმწიფოს გამართული მუშაობისთვის XXI საუკუნეში.

მოკლედ, რეზიუმეს სახით დავამატებდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები – ეს ვაჭრობა, ინტერესთა თანხვედრაა უპირველეს ყოვლისა და არა ენჯეოშნიკური მანტრები. რუსეთს მისი წითელი ხაზები აქვს, ჩვენ ჩვენი და ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ მყისვე. არამც და არამც, სხვა დიდი მოთამაშეების ინტერესების დაკრულზე. აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი მიწაა და არა ამერიკელის თუ ევროპელის, შესაბამისად ეს პასუხისმგებლობაც შთამომავლობის წინაშე ჩვენზეა და არა იმათზე, ვისაც ჩვენ ხურდად და წითელ ტილოდ ვჭირდებით რუსის გასაღიზიანებლად.

  • როგორ, არც ნატოს იმედი არ უნდა ვიქონიოთ?
  • ვინმემ საერთოდ აკადემიურ დონეზე გათვალა, რისი მომტანია ეს ნატო ჩვენთვის და არა კომიქსების, ენჯეოშნიცების თუ პოპულისტი პოლიტიკანების დონეზე? საერთოდ, რით ხელმძღვანელობდნენ „ერის მამები“, როცა კონსტიტუციაში გაგვიწერეს ევროატლანტიკური სწრაფვა? სააკაშვილის ახირება, „პადოშას“ ინიციატივა იყო ეგ, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაყალბებული პლებისციტი და ნუთუ მაგის მერე ჩვენ ვერ გავიზარდეთ? რეფლექსურად, ურაპატრიოტზმს აყოლილი ვმოქმედებდით მრავალი წელი და დროა ვგონებ, ილუზიებს მოვეშვათ. ვაშენოთ სუვერენული დემოკრატია, თვითკმარი, კოხტა, ერთიანი, კლასიკურ-ლიბერალური, ტრადიციული, მაგრამ ღია ყველა ჯანსაღი ინოვაციისთვის ულტრა-თანამედროვე საქართველო. სადაც ჯანსაღი უნივერსალური ფასეულობები და არა ნეოლიბერალური იდეოლოგია, მწარმოებელი და არა ფინანსური კაპიტალი იქნება დომინანტი. გლეხი, პოლიციელი, ჯარისკაცი, მასწავლებელი და არა ვაჭრუკანა, მაკლერი, კურტიზანი თუ ბანკირი იქნება პატრონი ამ ქვეყნის. მხოლოდ ასეთი საქართველო იქნება მომხიბლავი აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც, ასეთ საქართელოს ტერიტორიულ ერთიანობას სცემს პატივს  უკვე რუსი, თურქი და სპარსიც.  თორემ, ანგლო-საქსონური სამყაროს „კლიენტელლა“, დაავადებული მემარცხენე ლიბერალიზმით, გემბლინგითა და მეძავეებით გაძეძგილი, რომელშიც სატელევიზიო არხების უმეტესობიდან მიდის ასეთი მდაბიო ცხოვრების წესის კულტივირება, არავისში არ გამოიწვევს პატივიცემას. მით უფრო, როდესაც თავად ეს ნატო ბლა-ბლა-ბლაა სინამდვილეში. და რაღა შორს წავიდე, იგივე დიდ ბრიტანეთს დავესესხები.  განა ლორდი პალმერსტონი არ ამბობდა იმავეს, რასაც მე ზემორე გეუბნებით და ჯერ როდის: ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირენი, ისევე, როგორც არ გვყავს მუდმივი მტრები. მუდმივი და მარადიული ჩვენი ინტერესებია და ვალდებულნი ვართ ეს ინტერესები დავიცვათ“. არ გაამართლა მისმა მიდგომებმა ინგლისის მიმართ? გაამართლა, შესაბამისად დიდი სახელმწიფოა. ჰოდა ჩვენთანაც უნდა გაამართლოს, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ უფრო დიდი მასშტაბის აზროვნება და ავმაღლდეთ დოქტრინიორობაზე.
  • კი ბატონო, სააკაშვილის პერიოდში ნატოზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების ერთად ერთი საშუალებაა. დღეს, ასე ნამდვილად აღარაა მასობრივ ცნობიერებაში და ვგონებ, უფრო ინერციით გრძელდება ეს რწმენა გარკვეულ წრეებში. ასევე, თვალშისაცემი გახდა თავად „ოცნებაში“ ისეთი ხალხის ყოფნა, ვისაც მაგალითად მიშა რუსის აგენტი ჰგონია და წარუმატებლობას ნატოს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სააკაშვილს აბრალებს. აფრიალებს უკრაინის დროშებს და უკრაინულ მაიდანში მონაწილეობით ტრაბახობს. ეს მიამიტობა, უვიცობა თუ მზაკვრობაა?
  • უფრო გაიძვერობა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ „ოცნება“ ძალზე ეკლექტური და სიტუაციური გაერთინებაა. რომ მანდ, უამრავ ღირსეულ და მებრძოლ მოქალაქესთან ერთად, რომლებსაც დამსახურება და ფასულობების ჯანსღაღი, ადეკვატური ხედვა და ინსტინქტები გააჩნიათ – არის მიმიკრირებული მასა, ვისაც მწყობრი შეხედულებების სისტემა არ აქვს. სხვათა შორის, სოციალური ქსელები არაჩვეულებრივად ახდენენ „მიშისტური“ რეფლექსიის მქონე კონტინგენტის გამოაშკარავებას. სულაც არაა საჭირო, „პროფაილინგის“ სპეციალისტობა, რომ მიხვდე, ვისთან გაქვს საქმე, როდესაც მათ გვერდებს ათვალიერებ. უბედურება ისაა, რომ ეს ხალხი – პოლიტიკურად გაუნათლებელი დეპუტატები, უმაღლესი ჩინები, დღესაც კი იკავაბენ მაღალ თანამდებბებს „ოცნებაში“, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეებზე. თორემ, თორმეტში რაც იყო „ოცნება“ კოალიციურ რეჟიმში, კი ჰქონდა ამას ლოგიკური ახსნა. მერე იყო დაშლა, პრემიერების კარუსელი, ენჯეო-აქტივისგან, ნეოლიბერალებისგან განწმენდა და ა.შ.

ცენტრში, ასე თუ ისე მაინც დარეგულირდა სიტუაცია ამ კუთხით. რეგიონებში კი, სადაც ნაკლებად არსებობდა საკადრო ფილტრი, კონტროლის მექანიზმებიც მორყეული იყო, ეს ვერ მოხერხდა. ნებისმიერ „მედროვეს“, თავისუფლად შეეძლო საკუთარი „მიშისტი“ ან „საქმოსანი“ წრის წევრი გაედეპუტატებინა ან სულაც მინისტრად წამოესკუპა. დიდწილად, სწორედ რომ ამ კონტინგენტის გამოა, „ოცნება“ ამორფული და უჭირთ უმაღლეს ეშელონებში მიღებული დირექტივების ქვედა დონეებზე გატარება. ანდა როგორ? როდესაც ის, ვისი უშუალო ვალდებულებაა ამ დირექტივების მასებში იმპლემენტაცია, მსოფლმხედველობის გამო ეწინააღმდგება ამას და ფორმალურ მიდგომებადე დაჰყავს. არადა, ისეა ეს მიმიკრირებული კონტიგენტი გამოწრთობლი ვალდებულებების ფორმალურ შესრულებაში, რომ რთულია მათთან გამკლავება ფორმალური მეთოდებითვე.

  • რა მახასიათებლები აქვთ ამ ხალხს, უფრო რომ დავაკონკრეტოთ?
  • ესაა თორმეტში, ერთი-ორი თვით ადრე, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებამდე, ანდა სულაც მერე გადაბარგებული „ნაცების“ პარტაქტივი. ასევე კოალიციური დროიდან, მანდ ჩარჩენილი ალასანიას ხალხი და ძველი ადმინისტრაციული ელიტა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადახარშა ახალი რეგიონალური პოლიტიკური კლასი. ისე რომ, საკუთარი თამაშის წესები მოახვია და აალაპარაკა კიდეც ის თავისი ენით; სააკაშვილის პროექტებისა თუ მიდგომების გამგრძელებლად აქცია. რაც, საარჩევნო პერიოდებში თუნდაც, ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მმართველ ძალას. დაუშვებელია ასეთი მიშვება, მით უფრო ბოლო საერთაშორისო მოვლენების ფონზე, როცა საქართველო ეპოქალური ტრანფორმაციებისა და არნახული გამოწვევების წინაშე დგას! ასეთ დროს, ყველა ანტიმიშისტურ ძალას, ბევრად მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მმართველ გუნდს კი, ეფექტური მმართველობა მართებს. ბათუმლებს მით უფრო, რადგანაც ისინი ყოველთვის იდგნენ ასეთი ფასეულობების სადარაჯოზე, ცვლილებების ავანგადში, იმიტომ, რომ, მაღალი პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობით გამოირჩეოდნენ მუდამ ბათუმური სუბკულტურული თავისებურებების გამო.

ვიცი რასაც ვამბობ, რადგანაც ჩემი წინაპრები აშენებდა ამ ქალაქს და არც მე დამიკლია ხელი და პროექტი. ამიტომაც ვგრძნობ პასუხისმგებლობას და პირდაპირი ტექსტით ვეუბნები ყველას ხოლმე ყველაფერს! რა თქმა უნდა იმ დოზით, რომ სახელმწიფო ინტერესებს არ ვავნო, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები არ გავაძლიერო (რომლებიც სიტყვაზე, რეგიონალურ „ოცნებაშიც“ მრავლად მოიძებნება).

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე