ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქობულეთში ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებს ხვდება. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით ხორციელდება.
ხანდაზმულთა ძირითადი პრობლემები ისევ და ისევ სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. რამდენიმე უპოვარი, მარტოხელა ბენეფიციარის განცხადებით, მათ სოციალური შემწეობა უსამართლოდ მოუხსნეს, რასაც მოყვა ყპოვართა სასადილოს აღრიცხვიდან მოხსნაც, რის გამოც ისინი ფაქტობრივად უპატრონოდ, ღვთის ანაბარად დარჩნენ და უკიდურეს მდგომარეობაში არიან. ამასთან ხანდაზმულები ქობულეთში მოხუცთა თავშესაფრის გახსნის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ ძალიან უჭირთ კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც მათი თქმით, ხშირად უხეშობენ და ასე მიმართავენ: „თუ ბევრს იხმაურებთ, იმასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ…“
შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა მიწების რეგისტრაციისა და საბინაო პრობლემები.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად პრობლემის განხილვაში უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძეცაა ჩართული.