სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტ “ეტალონის” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 3500-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო; მათ შორის გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული სტუდენტები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები, მთავრობის წევრები, სამხარეო რწმუნებულები – გუბერნატორები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები და “ახალგაზრდული საკრებულოების” წევრები.
ღონისძიების დასაწყისში დარბაზში „ეტალონის“ მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ფოტოკოლაჟი გავიდა. „ეტალონს“ 10 წლის იუბილე სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გორის, მარნეულის, წალკისა და წალენჯიხის რაიონის მოსწავლეებმა სცენაზე ლექსები წაიკითხეს. აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი „ქილორი“ კი დამსწრეთა წინაშე ქართული ცეკვით წარსდგა. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ქალაქ ნინოწმინდის მუსიკალურ სკოლასთან არსებულმა მედოლეთა ანსამბლმა „სალაღობო“, ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა – „უბისი“ და სიღნაღის რაიონის ანსამბლმა „ქიზიყელი ბიჭები“.
„ეტალონს“ 10 წლის იუბილე საქართველოს პატრიარქმაც მიულოცა. მიმართვა საზოგადოებას ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა მიქაელმა გააცნო.
ღონისძიებას პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც ეროვნული დროშებით იყვნენ აღჭურვილები.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებულ ღონისძიებას ორგანიზებას “ეტალონის” შემოქმედებითი ჯგუფი, ა/ო “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” და PR საკონსულტაციო ჯგუფი უწევდა. სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ “ეტალონის” 10 წლის იუბილეს მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანიები “სნო”, “ნიკორა” და „გურჯაანის ნაყინი“.