ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული სტატუსი წარმოადგენს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში.
მაღალი პროფესიონალიზმისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს. ხოლო მადლობის სიგელი გადაეცა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, რუსუდან შავიშვილს. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე, მუნიციპალიტეტების მერები და ელიმინაციის პროცესში ჩართული პირები.
შეხვედრაზე შეაჯამეს მალარიის ელიმინაციის მრავალწლიანი პროცესი, განიხილეს განხორციელებული ღონისძიებები და ის წარმატებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მიერ აღნიშნული სტატუსის მიღება.







