1. კერპების მოლიპული პანთეონი და მითიური ილუზიები:
როდესაც საზოგადოებას არ გააჩნია მომავლის მკაფიო ხედვა (იდეოლოგია), ის ავტომატურად ბრუნდება უკან, მითოლოგიზებულ წარსულში. და რეალობაში კი ქმნის ,,ცოცხალ კერპებს“ — პოლიტიკაში, კულტურაში, სოციალურ ცხოვრებაში — და მათზე აამყარებს იმედებს. ხოლო გზა კი მოლიპული სერპანტინით კერპების პანთეონისკენ მირაჟულია და არსად მიმავალი. კერპები მუდმივად იმსხვრევიან, მათ ადგილს ახალი, ისეთივე დროებითი ფიგურები იკავებენ, საზოგადოება კი იმედგაცრუების და ილუზიების მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. ეს არის კოლექტიური გაქცევა რეალობიდან: ნაცვლად იმისა, რომ დღეს ავაშენოთ ხვალინდელი დღე, ჩვენ წარსულის დიდებით ან დღევანდელი რეალობის ცრუ ნარატივებით ვიკვებებით.
2. სტაგნაციის კომფორტი და სტატუს-ქვო:
არსებული სტატუს-კვო ყველაზე მეტად აწყობთ მათ, ვინც ამჟამინდელი სისტემით სარგებლობს. ახალი იდეოლოგიის შექმნა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, ძველი, და დღევანდელი ილუზორული კომფორტული დოგმების მსხვრევას და რადიკალურ რეფორმებს. სისტემას ურჩევნია მართოს საზოგადოება, რომელიც ემოციებით და მითებით საზრდოობს, რადგან ასეთი მასის მანიპულირება ბევრად ადვილია. შედეგად, იქმნება კოლექტიური აპათია — მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ეკარგება კრიტიკული აზროვნების უნარი და უჩნდება შიში ყოველივე ახლის მიმართ.
3. გადაგვარებისა და დეგრადაციის საფრთხე:
თუ ქვეყანამ არ შვა იდეოლოგია, რომელიც დაეფუძნება არა წარსულის ბრმა თაყვანისცემას, არამედ ეროვნული ფასეულობებისა და თანამედროვეობის სინთეზს, შედეგი მართლაც კატასტროფული იქნება. მომავალზე ფიქრის უარყოფა კი იწვევს:ინტელექტუალურ ემიგრაციას:. ქვეყნის საუკეთესო გონება, რომელიც ვერ ხედავს მომავლის გზას, ტოვებს ქვეყანას.იწვევს კულტურულ ამნეზიას: ფორმით ეროვნული, მაგრამ შინაარსით ცარიელი წარსული თუ დღევანდელი კერპები და მითები ანაცვლებს ცოცხალ, შემოქმედებით კულტურას.
რაც საბოლოოდ იწვევს სახელმწიფოებრივ ეროზიას. ქვეყანა ხდება არა ისტორიის სუბიექტი (რომელიც თავად ქმნის საკუთარ ბედს), არამედ გეოპოლიტიკური პროცესების პასიური ობიექტი, ანუ გეოგრაფიული ტერიტორია.
4. გზა ილუზიებიდან რეალობისკენ:
მითებიდან იდეოლოგიაზე გადასვლა მტკივნეულია. ეს მოითხოვს „კერპების მსხვრევას“ და საკუთარი თავისთვის ყველაზე არაკომფორტული კითხვების დასმას. ვინ ვართ დღეს? საით მივდივართ? რა გვინდა? რის საფუძველზე გვინდა გადარჩენა 21-ე საუკუნეში? მომავლის იდეოლოგია არ ნიშნავს წარსულის უარყოფას, ის ნიშნავს წარსულის გადააზრებას, რათა ის გახდეს საყრდენი და არა ბორკილი, ეს ნიშნავს არსებული სტაგნაციის მითიოლოგიურ კერპების პანთეონამდე მისულ საზოგადოებრივ მენტალობის ,,ნგრევას”. თუ ეს პროცესი არ დაიწყო ინტელექტუალურ და სოციალურ დონეზე, სტაგნაცია გარდაუვალად გადაიზრდება ქართული სახელმწიფოს ისტორიულ ანონიმურობაში.
5. სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი ელიტების პასუხისმგებლობის არარსებობა ანუ დღეს არსებული „ილუზიების ინდუსტრია“თანამედროვე ელიტებისთვის (პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული) და არსებული სტაგნაცია საუკეთესო გარემოა ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად.მითების კომერციალიზაციით კი ეს ელიტები არ ცდილობს ახალი, რაციონალური პროექტების ან მომავლის ხედვის შეთავაზებას, რადგან ეს დიდ ინტელექტუალურ რესურსს, რისკსა და რეალურ შრომას მოითხოვს. ბევრად მარტივია საზოგადოებას მიჰყიდო ძველი, ნაცადი ნარატივები, ითამაშო მათ ემოციებზე, რელიგიურ თუ ნაციონალურ გრძნობებზე და ამით მართო მასა. ქვეყანა კი საზრდოობს მოკლევადიანი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით. ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოებრივი აზროვნების ელიტა, რომელიც 20-50 წლის შემდგომ პერსპექტივას დაინახავს და იმუშაბებს მის სამომავლო განხორციელება-დაგეგმარებაზე. არსებობს მხოლოდ „დღევანდელი დღით ცხოვრების“ პრინციპი — მაქსიმალური სარგებლის მიღება აქ და ახლა.
6. ხოლო მეორე მხარეს არის ხალხის შიში და ,,კომფორტული ტყვეობა“ საზოგადოება, რომელიც ისტორიული ტრავმების, იმედგაცრუებებისა და ეკონომიკური გაჭირვების გამო, პასიურ მდგომარეობაშია გადასული და გააჩნია სამომავლო ცვლილებების შიში. ახალი იდეოლოგია ყოველთვის მოითხოვს ძველი სტერეოტიპების მსხვრევას და პირადი პასუხისმგებლობის აღებას. ქვეყანაში პასუხუსმგებლობის აღება არც ეგრეთ წოდებულ ელიტებს არ უნდათ, ,,კერპები” კი პასუხისმგებლობის მიღმაა. ხალხს ამ დროს ეშინია, რომ ცვლილებები კიდევ უფრო გააუარესებს მათ, ისედაც არასტაბილურ ყოფას. მითიურ ილუზიებში და ,,კერპების პანთეონში “ ცხოვრება ერთგვარი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია, ტკბილი ტყუილი, თუნდაც მირაჟი ურჩევნიათ მწარე და რთულ რეალობას, და მესიანური პანთენის კერპების იმედად ყოფნა ურჩევნია. საზოგადოება მიეჩვია არა საკუთარი ძალებით რეალობის შეცვლას, არამედ „მესიის“, „ახალი კერპის“ ლოდინს, რომელიც მოვა და ყველაფერს თავად მოაგვარებს. ეს კი ისევ უპასუხისმგებლო, უპერსპექტივო , დღევანდელი დღით მცხოვრებ ელიტების წისქვილზე ასხამს წყალს.
7. მოჯადოებული წრის ანატომიის ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის, და სრულ სინთეზშია. უპასუხისმგებლო, არა სახელმწიფო და არა სამომავლო აზროვნების ელიტები შობს და აძლიერებს ხალხის შიშებს, ხოლო შეშინებული, ინერტული, და დაბეჩავებული ხალხი კი ლეგიტიმაციას უკეთებს უპასუხისმგებლო ელიტებს, რომლებიც იდოლოგიურ კერპების პანთეონის გარდა არაფერს და ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას და ქვეყანას! თუ ხალხი არ მოითხოვს ახალ დღის წესრიგს, ელიტები მას თავისით არასდროს შექმნის და პირიქით — თუ არ გამოჩნდნენ ახალი ინტელექტუალური ლიდერები, თუ არ გამოჩნდა და არ იშვა სახელმწიფოებრივი სამომავლო იდეოლოგია, რომლებიც ხალხს ამ შიშის დაძლევაში დაეხმარებიან, მასა მითების და კერპების პანთეონში დარჩება. ამ წრის გაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მესამე, დამოუკიდებელი ძალის — კრიტიკულად, სამომავლოდ, სახელმწიფო აზროვნების, ახალი თაობის ინტელექტუალური ბირთვის გაჩენით, რომელიც უარს იტყვის როგორც ელიტების თამაშის წესებზე, ისევე კოლექტიურ მითოლოგიურ აპათიაზე და დაიწყებს იმ რთული, უხერხული კითხვების დასმას, და იმ არსებულ რალობის გააზრებას რომლებსაც დღეს, როგორც ელიტები, ასევე საზოგადოება, ხალხი გაურბის.








